გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმში გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისის მშენებლობა დაიწყო

29-05-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან, თორნიკე რიჟვაძესთან და გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა ტერიტორიზე, სადაც სააგენტოს ახალი ოფისის მშენებლობა დაიწყო.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახური სავალალო პირობებში ფუნქციონირებდა. ეს არის უმნიშვნელოვანესი სტრუქტურა, რომელსაც ნამდვილად სჭირდება განვითარება, გაძლიერება და ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა. რამდენიმე წელი მიმდინარეობდა მუშაობა, რომ შერჩეულიყო პროექტი და გამოყოფილიყო ტერიტორია, რაც აჭარის ხელისუფლების მხარდაჭერით მოხერხდა. ჩვენ დღეს დავიწყეთ ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, თანამედროვე პირობებში, მაღალ დონეზე აღჭურვილ ლაბორატორიაში ჩავატაროთ მნიშვნელოვანი კვლევები. შავი ზღვის ეკოსისტემის შენარჩუნება არის უმთავრესი პრიორიტეტი და ჩვენი ევროკავშირთან აღებული ვალდებულების ნაწილი. ამ მიმართულებით სამინისტრო გააგრძელებს ინვესტირებას, თანამშრომლების მხარდაჭერას, ახალგაზრდა კადრების მომზადებას, იმისთვის, რომ უდიდესი რესურსი - შავი ზღვა და მისი ეკოლოგია დავიცვათ”, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

ახალ, სამსართულიან შენობაში გარემოს ეროვნული სააგენტოს ისეთი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული ერთეულები განთავსდება, როგორებიცაა: მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტი, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ბათუმის ლაბორატორია და აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის, მიკრობიოლოგიური, ჰიდრობიოლოგიური, იქთიოლოგიური ლაბორატორიები, რომლებიც აღჭურვილი იქნება ულტრათანამედროვე ხელსაწყო-დანადგარებით და კვლევითი სფეროს სპეციფიკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით. გარემოს ეროვნული სააგენტოს კვალიფიციური კადრები, რომლებიც დღეს სრულად ამორტიზებულ შენობაში მუშაობენ, ახალი, საერთაშორისო სტანდარტის ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.
პროექტის ჯამური ღირებულება 1.300 000 ლარია. შენობის საერთო ფართი 1872 მ2 -ს შეადგენს.

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურის თანამედროვე ინფრასტრუქტურა გააუმჯობესებს თანამშრომლების შრომის პირობებს და ხელს შეუწყობს შავი ზღვის ეკოლოგიის და უსაფრთხოების დაცვას.

„დღეს ნამდვილად მნიშვნელოვანი დღეა. ახალი ინფრასტრუქტურა, რომლის მშენებლობა დავიწყეთ, დაგვეხმარება, შევინარჩუნოთ არსებული სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალი და მომავალში კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ. მშენებლობის დასრულების შემდეგ, გარემოს ეროვნულ სააგენტოს საშუალება მიეცემა, გააღრმავოს შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან საერთაშორისო თანამშრომლობა სამეცნიერო კუთხით, მხარი დაუჭიროს აკვაკულტურის განვითარებას და გააძლიეროს შავი ზღვის მონიტორინგი”, - აღნიშნა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ანდრო ასლანიშვილმა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურის ახალი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გარემოსდაცვით სფეროში ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გარემოსდაცვით სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზეც აისახება. ამ ვალდებულებათა შორისაა, ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის (MSFD) პრინციპების იმპლემენტაცია, რომლის მთავარ მიზანს შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვა, ზღვის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და საზღვაო ბიოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენება წარმოადგენს.