გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

2020 წლის მონაცემებით მობილურ ინტერნეტს 3.3 მილიონი აბონენტი იყენებს

1-06-2021

საქართველოში მობილური მომსახურების ბაზარზე პენეტრაცია კვლავ მაღალია და 148%-ს შეადგენს. მობილური აბონენტების რაოდენობამ 2020 წლის ბოლოს 5.1 მლნ შეადგინა.

აღნიშნული მონაცემი იმაზე მიუთითებს, რომ ერთ მომხმარებელს ერთზე მეტი მობილური ნომერი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელმა ზუსტად იცის ბაზარზე არსებული ტარიფები და საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა მომსახურებაზე მისთვის ხელსაყრელ ქსელს იყენებს. აბონენტების რაოდენობა კომპანიების მიხედვით ასე გადანაწილდა: „მაგთიკომი“ – 41%, „სილქნეტი“ - 33%, ხოლო „ბილაინი“ – 26%.

2020 წელს მობილურ მომსახურებაზე ყველაზე მეტს 9.9 ლარს „მაგთიკომის“ აბონენტები ხარჯავენ, „სილქნეტის“ აბონენტები - 9.3 ლარს, ხოლო ყველაზე ნაკლებს 6.1 ლარს „ბილაინის“ აბონენტები.

მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა ყოველ წელს მნიშვნელოვნად იზრდება. 2016 წლიდან 2020 წლის ბოლომდე საშუალოდ მობილური ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობის წლიურმა ზრდამ 7.1% შეადგინა. 2020 წლის ბოლოსთვის, ინტერნეტ მომსახურებით მობილური ქსელის აბონენტების უკვე 3.3 მლნ სარგებლობს. მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობის სწრაფი ტემპით ზრდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით არის განპირობებული: საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, სულ უფრო და უფრო იზრდება მობილური ინტერნეტ ტექნოლოგიების მოხმარება, რაც მოსახლეობაში ციფრული უნარ-ჩვევების განვითარებითაა გამოწვეული. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით დიდია ახალგაზრდა თაობაში; გაზრდილია მოთხოვნილება ონლაინ რეჟიმში ინფორმაციის წვდომაზე; დინამიკაში მუდმივად იცვლება მობილური მომხმარებლის ქცევა სატელეკომუნიკაციო მომსახურებების მოხმარების კუთხით; სულ უფრო მეტი მომსახურება გადადის ონლაინ/ციფრულ სივრცეში, რაც თავისთავად ხელს უწყობს მოხმარების ზრდას. 2020 წლის ბოლოსთვის ყველაზე მეტი
მობილური ინტერნეტ მომხმარებელი 1.17 მლნ ოდენობით „სილქნეტს“ ჰყავდა, 1.08 მლნ - „მაგთიკომს“, ხოლო 1.00 მლნ მობილური ინტერნეტის აბონენტი „ბილაინს“.

2019 წელთან შედარებით, 2020 წელს ჯამური გამავალი ხმოვანი ტრაფიკი 2.7%-ით გაიზარდა და 10.2 მლრდ წუთი შეადგინა. მობილური ოპერატორების ჭრილში, 2020 წლის IV
კვარტლის მონაცემების მიხედვით, საშუალოდ თვეში ყველაზე მეტს „ბილაინის“ აბონენტები საუბრობენ, რაც კომპანიის მიერ შეთავაზებული შედარებით დაბალი ტარიფებითაა გამოწვეული, შემდეგ „სილქნეტის“ მომხმარებლები, ხოლო ყველაზე ცოტას - „მაგთიკომის“ აბონენტები საუბრობენ.