გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

2020 წელს კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების პროექტებში მოსწავლეებთან ერთად, სტუდენტები და ეთნიკური უმცირესობები ჩაერთნენ

3-06-2021

2020 წლის განმავლობაში კომუნიკაციების კომისიამ საზოგადოებაში მედიაწიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩაატარა.

გაფართოვდა სამიზნე აუდიტორია და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, პროექტებში მოსწავლეებთან ერთად უკვე სტუდენტები და საჯარო და კერძო უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი ჩაერთო. კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე მედიაწიგნიერების ტრენინგები და სასწავლო კურსები ონლაინ რეჟიმში ტარდებოდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - ეს ის უნივერსიტეტებია, რომელთა 700-მდე სტუდენტი მედიაწიგნიერების პროექტებში 2020 წელს ჩაერთო. სტუდენტებმა „ციფრული წიგნიერებისა და კიბერეთიკის“, ასევე მედიაწიგნიერების საფუძვლების შესახებ გაიღრმავეს ცოდნა.

2020 წელს კომუნიკაციების კომისიამ მედიააკადემიასთან ერთად მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის პირველად ჩაატარა. კონკურსის ფარგლებში, კომისიაში სულ 120-მდე საკონკურსო ნამუშევარი შემოვიდა. წარმატებულმა სტუდენტებმა BBC აკადემიის სასწავლო მასალებით და მედიაწიგნიერების დეპარტამენტის მიერ შექმნილი პროგრამით გადამზადდნენ და ტრენერის სტატუსი მიენიჭათ, სტუდენტები მომავალში სკოლებში ტრენინგების ჩატარებას შეძლებენ.

2020 წელს მესამედ ჩატარდა კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი“ მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის, რომელშიც მონაწილეობა 200-მდე მოსწავლემ მიიღო. კონკურსის ფარგლებში, კომისიამ მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, 10 საჯარო სკოლაში 200-ზე მეტი მოსწავლისთვის ონლაინ გაკვეთილები ჩაატარა.

მოზარდების ინტერნეტის მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით 2020 წელს კომუნიკაციების კომისიამ მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა:

წარმატებით გაგრძელდა პროექტი „Happy Onlife“ - ონლაინ აპლიკაცია, რომლის მიზანია, ბავშვებმა და მოზარდებმა თამაშით ისწავლონ ციფრული მედიის უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი გამოყენება. აპლიკაცია 9,000-მდე მომხმარებელმა ჩამოტვირთა.

ასევე წარმატებით გაგრძელდა პროექტი „გამარჯობა რუბი“ - ფინური წიგნების სერია, რომელიც მიზნად ისახავს დაწყებითი კლასის ბავშვებში პროგრამირების, კომპიუტერული მეცნიერებებისა და კოდის წერის საწყისების დაუფლებას, კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარების განვითარებას. ფინური წიგნების სერიის მიმართ განსაკუთრებული ინტერესისა და მოთხოვნის გამო, წიგნის ავტორის, ლინდა ლიუკასის სწავლების მეთოდოლოგიით კომუნიკაციების კომისიამ განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, 2020 წელს დამატებით 50-ზე მეტი მასწავლებელი გადაამზადა.

გაგრძელდა პროექტი „მედიის ეკონომიკა“ - რომელიც 10-დან 15 წლამდე მოზარდებს ციფრული მედიის ეკონომიკისა და ინტერნეტ-საფრთხეების ამოცნობის უნიკალურ მიდგომებსა და გზებს ასწავლის. 2020 წელს კომუნიკაციების კომისიამ განაახლა მედიის ეკონომიკის სილაბუსი და შექმნა ახალი სასწავლო მასალა სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლის საფუძველზეც 100-ზე მეტი მასწავლებელი და „ახალი სკოლის მოდელის“ ქოუჩი გადამზადდა.

2020 წელს კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობისთვის, მნიშვნელოვან სამიზნე ჯგუფად ეთნიკური უმცირესობები განსაზღვრა. კომუნიკაციების კომისიამ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ახალი სასწავლო მასალა შექმნა, რომელიც სწორედ მედიაწიგნიერების უნარების განვითარებითა და გამოყენებით სტერეოტიპებისა და სოციალური მედიის მავნე ზეგავლენებთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლას ისახავს მიზნად. ტრენინგების ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების 100-ზე მეტი წარმომადგენელი გადამზადდა, რომლებმაც გაიღრმავეს ცოდნა და მიიღეს დეტალური ინფორმაცია მედიაწიგნიერების ძირითადი არსის და პრინციპების შესახებ.

სწორედ მედიაწიგნიერების წარმატებული პროექტები გახდა იმის საფუძველი, რომ კომუნიკაციების კომისია 2021 წელს ევროკავშირის პროექტს - „დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება განათლებაში“ განახორციელებს. 2020 წელს კომუნიკაციების კომისიამ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის დაფინანსება მიიღო და პროექტის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, საჯარო სკოლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებს მედიაწიგნიერების მიმართულებით გადაამზდებს.