10-06-2021
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს უმასპინძლა.
მთავრობის მეთაურმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან მიხეილ ჩხენკელთან ერთად უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, რომელიც მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. პრემიერ-მინისტრმა ის ადგილიც მოინახულა, სადაც ადრონული თერაპიის ცენტრი უნდა აშენდეს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. საპატიო სტუმრებმა საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, ახალგაზრდებს სემესტრის სასწავლო პერიოდის დასრულება მიულოცეს და მომავალი წარმატებები უსურვეს.
ირაკლი ღარიბაშვილი: „განათლების გარეშე ჩვენი ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელია, ვინაიდან განათლება არის ის მყარი ფუნდამენტი, საფუძველი იმისა, რომ ერთად ავაშენოთ ძლიერი საქართველო. ჩემი თავმდაბალი რჩევა იქნება, ჯერ მკაფიოდ ჩამოყალიბდეთ მიზანზე – თქვენი მიზანი უნდა იყოს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული. გირჩევთ, რომ ეს თამასა აწიოთ უმაღლეს დონეზე. არ უნდა დაიწყოთ პატარა მიზნით, დაიწყეთ ყველაზე დიდი მიზნით. მეორე, რაც მინდა გირჩიოთ, არის თავდადება – ამ მიზნისკენ მუხლჩაუხრელი, 24-საათიანი შრომა. ყოველი ჩვენი მიღწეული წარმატება, იქნება ეს პირველი კურსის დამთავრება, მეორე კურსის დამთავრება, ჩვენს წარმოსახვაში უნდა გვაახლოებდეს ამ მიზანს. ჩვენ თუ ამ სულისკვეთებით ვივლით, ყველა მივაღწევთ დიდ ოცნებას და მიზანს, იმიტომ რომ მიუღწეველი არაფერია“.
მიხეილ ჩხენკელი: „არც ისე დიდი ხანია, რაც გავხსენით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. გახსოვთ, როგორი ემოციური მომენტი იყო, როდესაც თქვენ სტუდენტური ფიცი დადეთ და დაიწყო აკადემიური პროცესი. მართალია, ის კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გარემოში მიმდინარეობდა, მაგრამ მთავარია, რომ ერთობლივი ძალისხმევით – თითოეულმა პროფესორ-მასწავლებელმა, თითოეულმა სტუდენტმა, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ, მთელმა განათლების სისტემამ, დავძლიეთ ეს რთული გამოწვევა. იმედი გვაქვს, რომ სექტემბრიდან აკადემიურ სივრცეში, ჩვეულ გარემოში გაგრძელდება სწავლა ამ დიდებულ უნივერსიტეტში.
როგორც მოგეხსენებათ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორია ბატონი ბიძინა ივანიშვილი. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგია ეს ჭეშმარიტად ევროპული, მსოფლიო სტანდარტების მქონე უნივერსიტეტი, რომელიც ეტაპობრივად ახალ აკადემიურ პროგრამას დაიმატებს.
ასევე, მინდა გითხარათ და თქვენ მოესწრებით ამას, მიმდინარეობს ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა, რომელიც უნივერსიტეტის ნაწილი იქნება. ესეც მსოფლიო მნიშვნელობის პროექტია და მთლიანად ფინანსდება „ქართუ“ ფონდის მიერ. აქ განთავსდება ორი ციკლოტრონი, ერთი მოხმარდება ულტრათანამედროვე მეთოდებით სიმსივნის მკურნალობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის, ხოლო მეორე ციკლოტრონი – მთლიანად სამეცნიერო კვლევით პროცესს მედიცინაში, სამედიცინო ფიზიკასა და ბირთვულ ფიზიკაში. მე პირადად მქონდა ბედნიერება, შევხვედროდი მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს ამ დარგებში. მათ უკვე დიდი ენთუზიაზმით გამოთქვეს მზაობა, ჩამოვიდნენ ქუთაისში და ქართველ მეცნიერებთან ერთად აწარმოონ სამეცნიერო-კვლევითი პროცესი. ასე რომ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობს, თქვენ უდავოდ ხართ ამ ისტორიის ნაწილი.
ევროპა საქართველოში შემოვიდა აქ, ქუთაისში, ამ უნივერსიტეტის სახით, და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს ჭეშმარიტად არის უმაღლესი ევროპული სტანდარტის მქონე უნივერსიტეტი.
თქვენ უკვე თითქმის დაასრულეთ ეს სემესტრი, გამოცდები დაგრჩათ, მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს, და, რასაკვირველია, მთელი სტუდენტობის განმავლობაში თქვენს გვერდით ვართ! თქვენს წარმატებაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ასეთი კარგები და ნიჭიერები ხართ. დიდი მადლობა ყველას!“
სტუდენტებთან შეხვედრის საზეიმო ღონისძიებას რექტორი ალექსანდრე თევზაძე, კანცლერი მაგდა მაღრაძე, ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკო ჩხეტიანი და პროექტების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2020 წლის ოქტომბერში საზეიმოდ გაიხსნა. სტუდენტთა პირველი ნაკადი უნივერსიტეტმა ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე (მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება) მიიღო. STEM-ის მიმართულების პროგრამების მიხედვით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამ ყველაზე მაღალი ბარიერის მქონე უნივერსიტეტებს შორის სახელდება საქართველოში. დაწესებული მაღალი ბარიერის გადალახვა 2020 წელს 245-მა ახალგაზრდამ შეძლო.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანია, ხოლო მრჩეველთა საბჭოს წევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი და წამყვანი მეცნიერები არიან. უნივერსიტეტში არსებული მრჩეველთა ინდუსტრიული საბჭოს შემადგენლობაში კი მსოფლიოს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები და ბიზნეს ასოციაციები არიან.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად კითხულობენ მეცნიერები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან. დაფუძნების დღიდან უნივერსიტეტი თანამშრომლობს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან, რომლის შედეგადაც ერთობლივი აკადემიური პროგრამები შეიქმნა.