30-03-2018
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის
პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ნიკოლოზ
დიასამიძე, მის მოადგილედ კი პოლიციის პოლკოვნიკი ირაკლი ჯიქია დანიშნა.
ნიკოლოზ დიასამიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2005 წლიდან სხვადასხვა
თანამდებობაზე მუშაობს. 2006-2009 წლებში იგი თბილისის მთავარი
სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოში დეტექტივ-გამომძიებელი იყო.
2009 წლიდან 2012 წლამდე თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის
სამმართველოს დეტექტივების განყოფილებაში დეტექტივ-გამომძიებელად მუშაობდა,
ხოლო 2013 წლიდან 2014 წლამდე თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი
ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების უფროსი იყო. ნიკოლოზ
დიასამიძემ 2014 წლიდან მუშაობა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო
სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში განაგრძო, სადაც წლების განმავლობაში
სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციას იკავებდა, ხოლო 2017 წლიდან 2018 წლის
მარტამდე იგი ქუთაისის საქალაქო სამმართველოს უფროსი იყო.
ირაკლი ჯიქია წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა
წამყვან პოზიციას იკავებდა. იგი 2006 წლის იანვრიდან დეკემბრამდე შინაგან
საქმეთა სამინისტროს ქ. ფოთის სამმართველოს უფროსი იყო. 2014 წლის
იანვრიდან 2017 წლის აგვისტომდე ირაკლი ჯიქია სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის სამმართველოს უფროსი იყო, ხოლო 2017 წლის აგვისტოდან შინაგან
საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის
თანამდებობაზე მუშაობდა.