1-04-2018
რუსთაველი მოკრივე ლაშა გურული 64 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა.
სპორტსმენმა რუმინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ახალგაზრდებს შორის, ხუთი ბრძოლა ჩაატარა და ყველა დამაჯერებლად მოიგო.
ლაშა გურული დღეს, ფინალში თურქ მოკრივე ერდემირ თურგულანს დაუპირისპირდა.
ფინალური ორთაბრძოლის პირდაპირი ტრანსლაცია რუსთავში, თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე მიმდინარეობდა.
ქალაქის მთავარ მოედანზე, ლაშა გურულის საგულშემატკივროდ, რუსთვის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე, მერის მოადგილე გოჩა ლორია, საკრებულოს წევრები, სპორტსმენის ოჯახის წევრები და მეგობრები შეიკრიბნენ.
რუსთაველი მოკრივე საქართველოს ნაკრების სხვა წევრებთან ერთად, სამშობლოში ხვალ დილით დაბრუნდება. ევროპის ჩემპიონს, აეროპორტში, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდებიან.