გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: ანა ბიერდეს ვიზიტი საქართველოში ადასტურებს ჩვენს წარმატებულ პარტნიორობას მსოფლიო ბანკთან

18-06-2021

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში, ანა ბიერდეს შეხვდა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის წარმატებული თანამშრომლობის ისტორიას. აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარებისთვის, მსოფლიო ბანკს გამოყოფილი აქვს 2,7 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსი.

ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კოვიდ-19-ის პანდემიაზე სტრატეგიული რეაგირების ჩარჩოს ფარგლებში განხორციელებული პროექტებისთვის, რომელმაც უზრუნველყო, როგორც მოსახლეობის, ისე ეკონომიკის მხარდაჭერა. აღინიშნა, რომ სულ ახლახან, ხელი მოეწერა შეთანხმებას ვაქცინაციის პროგრამის გასაძლიერებლად, 34.5 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის დამატებითი დაფინანსების მიღების თაობაზე, რომელიც 2020 წლის მარტში მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტისათვის გამოყოფილი 80 მლნ. აშშ დოლარის ნაწილია.

ანა ბიერდემ პოზიტიურად შეაფასა covid-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები და კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა მხარი დაუჭიროს ვაქცინაციის მიმართულებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევას.
პარტნიორობის ძირითად სფეროდ რჩება ინფრასტრუქტურა - ტრანსპორტი და ლოგისტიკა. როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, განვითარების პოლიტიკის ოპერაციების (DPO) ფარგლებში მიღებულმა მხარდაჭერამ, ხელი შეუწო კერძო სექტორის გაძლიერებასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდას და ბიძგი მისცა ისეთ მნიშვნელოვან რეფორმებს, როგორიცაა: საპენსიო რეფორმა, ანაბრების დაზღვევის სისტემის რეფორმა, კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმები; საჯარო-კერძო პარტნიორობის სისტემის შემუშავება და სხვა.

საუბარი, ასევე, შეეხო პოსტკოვიდურ პერიოდში თანამშრომლობის საკითხებს, რომელიც ძირითადად მიმართული იქნება ეკონომიკის აღდგენისა და სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერისკენ. ესენია: ადამიანური კაპიტალის გაძლიერება, ინოვაცია და ტექნოლოგიები.

ფინანსთა მინისტრმა და მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მიმოიხილეს 2021-2022 წლებში თანამშრომლობის შესაძლებლობები ისეთ სფეროებში, როგორიცაა გზები, რეგიონული განვითარება, მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, გარემოს დაცვა და ენერგეტიკა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა კვლავ ინტენსიურად გაგრძელდება და მსოფლიო ბანკის დაფინანსებული პროექტები ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას.