2-04-2018
ბორჯომის საკრებულომ ზაზა ჩაჩანიძის შემცვლელად 21 ხმით ყოფილი თავმჯდომარის მოადგილე "ლეიბორისტული პარტიის" წევრი გიორგი გოგიჩაიშვილი აირჩია.
სხდომას არ ესწრებოდა თანამდებობიდან გადაყენებული ზაზა ჩაჩანიძე , აგრეთვე "ნაციონალური მოძრაობის", "ევროპული საქართველოს" და "ლეიბორისტული პარტიის" წევრები. სხდომას 28 დეპუტატიდან სულ 22 ესწრებოდა. დღესვე დეპუტატებმა უნდა იმსჯელონ სახელფასო ნუსხისა და საშტატო ერთეულის დამტკიცებაზე.
28 მარტს საკრებულოს დეპუტატებმა თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი იყო, დაკავებული თანამდებობიდან გადააყენეს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15-მა დეპუტატმა თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნის მიზნით, ხელმოწერები საკრებულოს 21 მარტს წარუდგინეს. 15 ხელმომწერიდან 13 "ქართული ოცნების" წარმომადგენელია, 2 კი "პატრიოტთა ალიანსის".
ბორჯომში დაპირისპირების მიზეზი მერიის თანამდებობის პირებისა და მოხელეების თანამდებობრივი სარგოებია, რომელსაც საკრებულო არ ამტკიცებს.
ბორჯომის საკრებულომ გასულ კვირას მეექვსედ უთხრა უარი მუნიციპალიტეტის მერიას მერის მოადგილეების და სამსახურების უფროსებისთვის ხელფასების გაზრდაზე, შესაბამისად, არც ახალი საშტატო ნუსხა დაამტკიცა.