22-06-2021
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უპრეცედენტო ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
2021 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 85 747 900 ლარით გაიზარდა და 414 221 900 მლნ ლარს შეადგენს.
,,აჭარის ბიუჯეტი არის ისტორიულ მაქსიმუმზე და რეგიონის მცხოვრებთა ინტერესზე და საჭიროებაზეა ორიენტირებული. მიზნად ისახავს ყველა ადამიანის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ბუნებრივია, ეს მიიღწევა როგორც სწრაფი ეკონომიკური აღდგენის და აღმავლობის ამოცანების შესრულებით, ასევე თითოეული მუნიციპალიტეტის, თანაბარი, სწრაფი და მდგრადი განვითარების შედეგად" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
უპრეცედენტო მოცულობის ბიუჯეტი მაქსიმალურად იქნება მორგებული მოსახლეობის ინტერესებზე და ითვალისწინებს ეკონომიკის აღდგენას, ტურიზმის გაძლიერებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.
აღნიშნული ბიუჯეტის ფარგლებში გაგრძელდება ისეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტები, როგორიცაა, მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება, წყლის სისტემის განვითარება, „ოცნების ქალაქის" მშენებლობა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი 15 351 000 ლარით გაიზარდა და 123 831 100 ლარს შეადგენს. განახლებული ბიუჯეტის ფარგლებში მოხდება ტურისტული ინფრასტრუქტურის, ტურისტული პროდუქტების და სერვისების განვითარების ხელშეწყობა, მთის კურორტების და სარეკრეაციო ადგილების განვითარება.
საგზაო ინფრასტრუქტურის ბიუჯეტი 9 მლნ ლარით გაიზარდა და 60 მლნ ლარს შეადგენს. 2021 წელს აჭარაში დაგეგმილია 34 მიმართულებით 60,6 კმ სიგრძის საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა, 18 ხიდის მშენებლობა და რეაბილიტაცია, 306 ხელოვნური ნაგებობის მოწყობა, 113 კმ სიგრძის საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა.
განათლება კვლავ რჩება პრიორიტეტად. გრძელდება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, განათლების დაფინანსება და ახალგაზრდების ხელშეწყობა.
2021 წელს განხორციელდება 14 სკოლის მშენებლობა, მათ შორის 3 ბათუმში. 40 სკოლას ჩაუტარდება რეაბილიტაცია. დაიწყება უნივერსიტეტის ახალი კამპუსის მშენებლობის პროექტირება, გაიზრდება სახელოვნებო-სასპორტო დაწესებულების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება.
17 065 700 ლარს შეადგენს სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება. აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა სპორტული ინფრასტრუქურა. განხორციელდება ჩაქვის ძალოსნობის ბაზის მშენებლობა, შუახევის სტადიონის რეკონსტრუქცია, ღორჯომის სპორტული დარბაზის მშენებლობა, ჩაქვის სარაგბო ბაზის მშენებლობა, ქობულეთის სპორტული კომპლექსის მშენებლობა, ყინულის სასახლის და საცურაო აუზის მშენებლობა. დასრულდება სპორტული კომპლექსი ბათუმში.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 27 200 000 ლარით განისაზღვრა. გრძელდება ყველა დაგეგმილი პროგრამა და იზრდება მნიშვნელოვანი პროგრამების დაფინანსება, მათ შორის 3 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება შშმ ბავშვთა რეაბილიტაციისა და ხელშეწყობისთვის, 1 მლნ ლარამდე გაიზარდა საზღვარგარეთ მკურნალობა, მათ შორის გულის ტრანსპლანტაციის თანადაფინანსება. ასევე, 1 მლნ ლარამდე გაიზარდა დაავადებათა პრევენცია და პროფილაქტიკა, მათ შორის ტყვიის შემცველობის კვლევა ორსულ ქალბატონებში.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 4 მლნ ლარით გაიზარდა. სამინისტროში გაგრძელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა მიწის უფასოდ დამუშავება, ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობა და სუბსიდირება, სოფლად მეწარმეობის ხელშეწყობის განვითარება. ფერმერებსა და აგრომეწარმეებს 1000 ცალი მოტო-ბლოკი თანადაფინანსებით გადაეცემათ.
მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერი 51 255 100 ლარით გაიზარდა და 131 086 700 ლარს შეადგენს.