2-04-2018
ქუთაისში ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია 10 აპრილს გაიხსნება.
კომპანია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ მხარდაჭერი იხსნება და იქ მამაკაცისა და ქალის ტანსაცმლის წარმოება იგეგემება.
შპს „ემჯიემტექს“, რომელიც 2018 წლის აპრილის დასაწყისში ამოქმედდება, წლიურად 3 300 000 ლარის ტანსაცმლის წარმოებას შეძლებს. ტანსაცმელი მხოლოდ საექსპორტოდ იქნება განკუთვნილი. საწარმო ამოქმედების პირველ ეტაპზე 250 ადამიანს დაასაქმებს, სამომავლოდ კი 350 ადამიანის დამატებას გეგმავს. ინვესტიციის მოცულობა საწყის ეტაპზე შეადგენს 1 200 000 ლარს, ხოლო შემდეგ ეტაპზე კომპანია დამატებით 2 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. აღნიშნული საწარმო ქუთაისში, ზ. გამსახურდიას გამზ. #47 განთავსდება.
კომპანია წარმოადგენს ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილ საწარმოს. შპს „ემჯიემტექსი“ არის რუმინული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის „Ottorose” შვილობილი კომპანია, რომელიც პროდუქციას მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებს, როგორებიცაა: „H&M“, „Mango“, „Zara“, „Coast“, „Colveta“, „United Collors of Benneton“, „Oasis“ და სხვა.
კომპანია საქართველოში ბიზნესის გაფართოებით 6 თვის წინ დაინტერესდა და გადაწყვეტილების მიღებამდე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების წარმომადგენლების მხარდაჭერით კომპანია საქართველოში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს სწავლობდა. ინვესტიციების მიმართულების წარმომადგენლები „ერთი ფანჯრის პრინციპით“ ეხმარებოდნენ დაინტერესებულ მხარეს სხვადასხვა ინფორმაციის მიღებასა და პოტენციურ პარტნიორებთან დაკავშირებაში.
აღსანიშნავია, რომ შპს „ემჯიემტექს“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტითაც ისარგებლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს და მის ფარგლებში კომპანია უახლესი ტექნოლოგიის საკერავ მანქანა-დანადგარების შეძენას შეძლებს. საწარმო ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, კერძოდ უახლესი ტექნოლოგიით დამზადებულ, მაღალხარისხიან პროდუქციას ევროპის ქვეყნებში გაიტანს, როგორიცაა რუმინეთი, შვედეთი და სხვა.