გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ნათია თურნავა: ჩვენი მეზღვაურები მამაცი, მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული ადამიანები არიან, რომელთა შრომასაც სერიოზული წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკაში

27-06-2021

„ძალიან ამაყები ვართ, რომ საქართველო, როგორც საზღვაო სახელმწიფო, აღნიშნავს მეზღვაურის საერთაშორისო დღეს. ჩვენ გვყავს საკმაოდ დიდი შემადგენლობა ქართველი მეზღვაურების, რომლებიც არიან ძალიან მოთხოვნადები, ძალიან კონკურენტუნარიანები, მაღალი პროფესიონალიზმით დაჯილდოებულები და მათზე მაღალი მოთხოვნაა სხვადასხვა, მათ შორის ევროპული დროშის ქვეშ მცურავ გემებზე" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ბათუმში, მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, მეზღვაურებს ყოველწლიურად სერიოზული წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკაში.

„დაახლოებით 300 მილიონი დოლარის შემოსავალი შემოდის საქართველოში ამ მამაცი პროფესიონალების მუშაობის შედეგად. ძალიან ბევრი რამ კეთდება იმისთვის, რომ საზღვაო განათლება იყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, რომ ქართველი მეზღვაურები უფრო მარტივად საქმდებოდნენ რაც შეიძლება მეტ გემზე მსოფლიო მასშტაბით. ეს არის ჩვენი ქვეყნის, როგორც საზღვაო ევრაზიული კარიბჭის, საზღვაო სახელმწიფოს წარმოჩენა საერთაშორისო არენაზე" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, ბოლო წლებში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მათ შორის პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში იმისთვის, რომ საქართველოში აღდგეს თევზჭერის ფლოტილია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფოსა და პროგრამის „აწარმოე საქართველოში" დახმარებით, 13 ახალი თევზსაჭერი გემი შენდება, რაც ადასტურებს, რომ სახელმწიფოსთვის საზღვაო დარგის განვითარება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია.

მეზღვაურის საერთაშორისო დღე წელს საქართველოში მეათედ აღინიშნება. საზეიმო ღონისძიებაზე, რომელშიც საზღვაო ინდუსტრიის საჯარო და კერძო სექტორის სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში გელა გიორგაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა. ღონისძიების ფარგლებში პრეზიდენტის ღირსების ორდენი და ჯილდოები საქართველოს საზღვაო სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საზღვაო დარგის ღვაწლმოსილ წარმომადგენლებს გადაეცათ.

ტრადიციულად, მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი პირველი აქტივობა იყო საზეიმო მსვლელობაა სასულე ორკესტრის თანხლებით, ბათუმის ცენტრალური პარკიდან ბათუმის საზღვაო ნავსადგურისკენ, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საზღვაო სასწავლებლების კურსანტებმა, სანაპირო დაცვის პირადი შემადგენლობამ, მეზღვაურებმა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებმა.

მეზღვაურის დღის ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კონტრაქტორს (DAI) შორის, ხელი მოეწერა მემორანდუმს საზღვაო ტრანსპორტისა და ლოგისტიკურ სფეროში შესაძლო თანამშრომლობის საკითხებზე. მხარეები მიზნად ისახავენ თანამშრომლობას საქართველოს საზღვაო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლების, მდგრადი და ინკლუზიური ზრდის მხარდასაჭერად.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ზღვაში დაღუპული მეზღვაურებისთვის პატივის მიგების ცერემონიით დასრულდა.