გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

„tvc.ru“(რუსეთი): რუსეთში აფხაზური მცენარეული პროდუქტის შეტანა სრულად შეწყდა, ცარიელი ყუთებით დატვირთულ ფურგონებსაც კი უკან აბრუნებენ

3-04-2018

„tvc.ru“(რუსეთი): რუსეთში აფხაზური მცენარეული პროდუქტის შეტანა სრულად შეწყდა, ცარიელი ყუთებით დატვირთულ ფურგონებსაც კი უკან აბრუნებენ
11:46 03.04.2018
რუსეთის ტელეკომპანია „ტვ ცენტრის“ ეთერში გადაიცა ვიდეოსიუჟეტი აფხაზეთში და რუსეთში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შესახებ.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მატვეი შესტაკოვის ავტორობით გასული სიუჟეტის რეზიუმეს:

„დღეიდან ძალაში შევიდა აკრძალვა, რომელიც აფხაზეთიდან მეცენარეული წარმოშობის პროდუქციის რუსეთში იმპორტს ეხება. „როსსელხოზნადზორ“-მა ასეთი გადაწყვეტილება აფხაზეთში გავრცელებული ფრიად საშიში მავნებლის - ფაროსანასთან დაკავშირებით მიიღო: მხოლოდ გასულ წელს აზიურმა ფაროსანამ აფხაზებს თხილისა და მანდარინის მოსავლის თითქმის ნახევარი გაუნადგურა. ამჟამად ეს მწერი ზამთრის ძილის შემდეგ გამოღვიძებას იწყებს და შესაბამისად, მისი რუსეთის ტერიტორიაზე გავრცელების აღსაკვეთად დროებითი შეზღუდვები დაწესდა“, - ნათქვამია ვიდეორეპორტაჟში. 

სიუჟეტის თანახმადვე, „აფხაზეთში ფაროსანების შეგროვება მიმდინარეობს. ათეულ კილოგრამობით მწერს ლითონის კონტეინერებში ყრიან და წვავენ. სხვათა შორის, მოსახლეობის აქტიურობას ისიც განაპირობებს, რომ შეგროვებული ფაროსანასთვის ხელისუფლება მათ ფულს უხდის - ერთ კილოგრამზე ათას რუბლს. იმიტომ, რომ რესპუბლიკისათვის ეს მავნებელი პირდაპირ უბედურების მომტანია. მასთან საბრძოლველად სპეციალური საპრეზიდენტო კომისიაც კი შექმნეს, რომ დაწყევლილი მწერი როგორმე გაანადგურონ.

აფხაზური მცენარეული პროდუქციის გასაღების მთავარი ბაზარი - რუსული ბაზარი „როსსელხოზნადზორ“-ის მიერ დროებით დახურულია. ყვავილებით, ხილით, თხილით და ცარიელი ყუთებითაც კი დატვირთულ ავტოფურგონებს საზღვრიდან უკან აბრუნებენ.

გარეთ პლუს 15 გრადუსია. ფაროსანას ზამთრის ძილი უმთავრდება. მავნებელი სეზონური მიგრაციისათვის გასაფრენად ემზადება. მას შეუძლია ყუთებში და ყველანაირ შესაფუთ მასალაში იყოს. ძალიან ღორმუცელაა, საზრდოობს მცენარის ფოთლებით, ხილის წვენით, რის შედეგად დაზიანებული მცენარე იღუპება. „ ფაროსანა ფეიჰოას რომ დააჯდება, ნაყოფი უსწორმასწორო ხდება. ხურმა ძირს იყრება, როგორც კი მწიფობას იწყებს“, - ამბობს ევგენი ზაქარიანი ვიდეოსიუჟეტში.

ფაროსანა რუსეთშიც გვხვდება, მაგრამ მისი პოპულაცია გრძელვადიანი არ არის. ამის მიუხედავად, თუ მავნებელი დიდი რაოდენობით გავრცელდება, მას 2018 წელს ორ მილიარდ რუბლამდე ზარალის მოტანა შეუძლია. განსაკუთრებით კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეში, როსტოვის ოლქში, ყირიმში. სხვათა შორის ჩამოთვლილ რეგიონებში ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისათვის სრული მზადყოფნაა გამოცხადებული.

როგორც კრასნოდარის მხარის საბიუჯეტო სასოფლო-სამეურნეო საწარმო „როსიას“ დირექტორი ნიკოლაი ნაგაბედიანი ამბობს, ფაროსანას დასახოცად მას მზად აქვს კირი, შაბიამანი, იაპონური ინსექტიციდი და კიდევ ერთი საიდუმლო ინგრედიენტი, რომელსაც იგი არ ასახელებს. ვნახოთ, რა შედეგს მოიტანს. სხვათა შორის, ნიკოლაი ნაგაბედიანს არ სჯერა, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის აფხაზური მეთოდი - ხელით შეგროვება - წარმატებული იქნება: „ეს სისულელეა, ბებიას მიერ მოყოლილი ზღაპრები. ხელით მას ვერ შეაგროვებ. ფაროსანა კალიას ჰგავს. სადმე გინახავთ, რომ კალიას და ჭრიჭინებს ხელით აგროვებდნენ? კი, თუ ფიქრობენ, რომ ასე დადებით შედეგს მიაღწევენ, შეაგროვონ, მაგრამ ჩემი აზრით, საჭიროა მცენარეების აქტიური დამუშავება. საჭიროა რაღაც სპეციფიკური საშუალება. ვცდილობთ ვიპოვოთ, მაგრამ უშედეგოდ“, - ამბობს დირექტორი.

მავნებლის გასანადგურებელი წამალი მეცნიერებმაც არ იციან. ფაროსანას პესტიციდი ვერაფერს უშვრება, ხელით შეგროვებასაც სასურველი შედეგი არ მოაქვს, ფერომონული ხაფანგიც საქმეს ვერ შველის. მწერი კი არა, რაღაც მონსტრი და ბიოლოგიური სუპერიარაღია. ხუმრობა იქით იყოს და „როსსელხოზნადზორის“ ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს - საქმე ბიოლოგიურ დივერსიასთან გვაქვსო.

„ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ საქმე გვაქვს რაღაც ბიოლოგიური იარაღის გამოყენების ფაქტთან. საქართველოში რამდენიმე ამერიკული ბიოლაბორატორია მოქმედებს და რით არიან დაკავებული, რას აკეთებენ იქ, კაცმა არ იცის. სხვათა შორის, „როსსელხოზნადზორ“-მა ამას წინათ აღნიშნა მსგავსი მავნებლის - აფრიკული ღორის ჭირის ვირუსის გავრცელების ფაქტი სწორედ საქართველოდან, რომელიც კატასტროფული სისწრაფით ხორციელდება. იგივე ხდება ფაროსანას მიმართაც, რომელიც აფხაზურ პროდუქციაში იქნა აღმოჩენილი“, - აცხადებს „როსსელხოზნადზორის“ ოფიციალური წარმომადგენელი იულია მელანო.

არავინ იცის, დადებითად იმოქმედებს თუ არა მავნებელზე ემბარგოს დაწესება. ფაროსანამ კანონების კითხვა არ იცის, სამაგიეროდ ფრთები აქვს.
newspress