გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა

30-06-2021

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა. გადაგდომის შესახებ თამარ ჟვანია სოციალურ ქსელში წერს.

მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

"მსურს, საზოგადოებას ვაცნობო , რომ მივიღე გადაწყვეტილება, 2021 წლის 1-ლი ივლისიდან აღარ გავაგრძელო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომიისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება, რაც პოლიტიკურ მხარეებს მისცემს საშუალებას განახლებული საარჩევნო კოდექსის საუძველზე აირჩიონ ცეესკოს თავმჯდომარე. იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობით კიდევ ორ წელზე მეტი შემეძლო გამეგრძელებინა ადმინისტრაციაში საქმიანობა, მიმაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა. შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა იქნება დამატებითი, ხელშემწყობი ფაქტორი ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გადაწყვეტილება გაზრდის კონსტრუქციული ურთიერთობების შესაძლებლობას პოლიტიკურ ძალებს შორის, რაც თავის მხრივ წაადგება საარჩევნო ადმინისტრაციას, მომავალ საარჩევნო პროცესს და მთლიანად ქვეყანას.

თითქმის რვა წელი ვიყავი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ამ ხნის განმავლობაში იყო ძალიან ბევრი გამოწვევა, სირთულე, მაგრამ კიდევ უფრო მეტი წარმატება და განვითარება. ჩემი ხელმძღვანელობით საარჩევნო ადმინისტრაციამ ორგანიზება გაუწია 6 საერთო და სხვადასხვა სახის რამდნიმე შუალედურ არჩევნებს. დაიმსახურა საერთაშორისო აღიარება, განიცადა პროგრესი ინსტიტუციონალური განვითარების, ინკლუზიურობის, გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით. დანერგა ინოვაციური სერვისები, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამები. მიიღო 7 საერთაშორისო ჯილდო. ეს ყველაფერი თითოეული საარჩევნო ადმინისტრატორის დამსახურებაა. სწორედ ამიტომ, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ცესკოს გუნდს, თითოეულ თანამშრომელს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს, რომელთაც თავდაუზოგავი და დიდი შრომა აქვთ გაწეული. მსურს ასევე, მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის სამოქალაქო სექტორს და მედიას, რომელთაც უდიდესი როლი გააჩნიათ საარჩევნო პროცესში. მადლობა ასევე ყველა იმ უწყებას, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობდნენ საარჩევნო ადმინისტრაციასთან არჩევნების ხელშეწყობის კუთხით. განსაკუთრებული მალდობა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთაც უდიდესი როლი და წვლილი მიუძღვით, როგორც საარჩევნო პროცესის დახმარების, ისე დემოკრატიის გაძლიერებისა და განვითარების საქმეში.

დასასრულს, მინდა უდიდესი წარმატება ვუსურვო საარჩევნო ადმინისტრაციას. ყველას ვინც მრავალი წელია ემსახურება ჩვენს ქვეყანას და მათაც, ვინც მომავალში შეუერთდება ამ გუნდს.


p.s.მედიისთვის დამატებით მსურს აღვნიშნო: ვთვლი, რომ ამ განცხადებაში ყველაფერი ნათქვამია და მეტ ინტერვიუებს და კომენტარებს არ ვგეგმავ. ამასთან, არ მივდივარ პოლიტიკაში და არც რომელიმე სახელმწიფო თანამდებობაზე. ვაპირებ დავბრუნდე საერთაშორისო პოზიციაზე და ჩემი სამომავლო გეგმები ისევ და მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციაში საქმიანობას უკავშირდება“ - წერს სოციალურ ქსელში თამარ ჟვანია.