1-07-2021
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტმა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე, სადაც მოქალაქე დიდი ოდენობით პლასტიკის ბოთლებს მდინარეში ყრის, საქმისწარმოება დაიწყო.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58 მუხლით, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე და მე-40 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ფაქტზე.
ამ ეტაპზე უკვე დადგენილია, რომ სამართალდარღვევა მოხდა ქვემო ქართლში, კერძოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ასევე დადგენილია სამართალდამრღვევის ვინაობა.
დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები, სამართალდარღვევის ადგილის დათვალიერებას ახორციელებენ.
„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, მომხდარზე, კანონით გათვალისწინებულ ზომებს გაატარებს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 300 ლარამდე;
ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო- ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნარჩენით) გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის შემთხვევაში კი ჯარიმა 6 000 ლარია; ნარჩენების მართვის კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად, ნარჩენების შეგროვება ან/და ტრანსპორტირება დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით“ - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში