4-04-2018
გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ დრამატულ თეატრში, საქართველოს ბიზნესის აკადემიის (SBA) ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადა - ,,მომავლის ბიზნესმენების’’ სუპერფინალი გაიმართა.
ოლიმპიადაში მონაწილეობას რუსთავის ცხრა საჯარო სკოლის XI და XII კლასის შიდა შესარჩევ თამაშებში გამარჯვებული მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები იღებდნენ.
ღონისძიებას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები დაესწრნენ.
ინტელექტუალურ შეჯიბრში პირველ ადგილზე #4 საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, ხოლო მეორე და მესამე ადგილები #23 და #5 საჯარო სკოლის გუნდებმა დაიკავეს.
საპრიზო ადგილების მფლობელები ფულადი პრემიებითა და საქართველოს ბიზნესის აკადემიის სასწავლო გრანტებით, ასევე პროექტის მხარდამჭერების მიერ დაწესებული საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ინტელექტუალური თამაშის მონაწილეებს, რუსთავის მერმა საჩუქრები, ხოლო გამარჯვებულ გუნდს სამახსოვრო სუვენირი გადასცა. გარდა ამისა, ოლიმპიადის მონაწილე საუკეთესო გუნდის მიერ წარმოდგენილ ბიზნეს პროექტს რუსთავის მერია 500 ლარით დააფინანსებს.
ოლიმპიადა საქართველოს ბიზნესის აკადემიის(SBA) და სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაციის (SEPIA) ორგანიზებით, რუსთავის მერიისა და რუსთავის ამერიკული კუთხის მხარდაჭერით გაიმართა.
ბიზნეს ოლიმპიადა 2016 წლიდან ტარდება და მისი ძირითადი მიზანია, დაეხმაროს სკოლის მოსწავლეებს, თანამედროვე საზოგადოებაში თავის დამკვიდრებისთვის, მომავალში დასაქმებისა და კარიერული წინსვლისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შეძენაში.
ოლიმპიადის მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შემოსავლების სამსახური, ტერაბანკი, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.