გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, ხალხმრავალი შეკრების ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში პირბადე ატარონ

13-07-2021

მასობრივი ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

სხდომაზე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია და ინფიცირების შემთხვევების მატების დინამიკა. აღინიშნა, რომ ამ ფონზე, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება მასობრივი ვაქცინაციის პროცესის ეფექტურად წარმართვას, ტესტირების გაფართოებას დაა მოქმედი რეგულაციების ზედმიწევნით დაცვას, რათა ქვეყანა არ შევიდეს მეოთხე ტალღაში, რაც სიკვდილიანობის ზრდის საფრთხესაც შექმნის. ამასთან, საყურადღებოა, რომ სრულად ვაქცინირებული პირების ინფიცირების შემთხვევაში, რაც საკმაოდ დაბალ პროცენტულ მაჩვენებელს - 0,3%-ს შეადგენს, გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ვაქცინაცია უკვე მიმდინარეობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით - „სინოფარმითა" და „სინოვაკით", ასევე „ასტრაზენეკათი", რომლის 43 200 დოზა საქართველოში გასულ კვირას შემოვიდა. გარდა ამისა, ქვეყანა უახლოეს დღეებში მიიღებს „ფაიზერის" პირველ დოზებს.

ვაქცინაციის პროგრამაში ქვეყნის მასშტაბით ჩართულია 200-მდე სამედიცინო დაწესებულება და აცრაზე რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის - https://booking.moh.gov.ge მეშვეობით, ასევე უშუალოდ დაწესებულების ცხელ ხაზზე; გარდა ამისა, ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის მოქმედებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი - 144-3. ვაქცინაციის მსურველებს დარეგისტრირება შეუძლიათ პირდაპირ კლინიკაში ვიზიტის დროსაც.

ვაქცინაციის პარალელურად, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის უმნიშვნელოვანეს საშუალებად რჩება პირბადე. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, კვლავაც ატარონ პირბადე ხალხმრავალი შეკრების ადგილებში, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 379 673 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 360 558 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 5 479 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 49 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 924 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 3705 პირი.