გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

„მეცნიერების კალენდარი 2021“-ის ფარგლებში მოსწავლეებისთვის ნახატების კონკურსი გამოცხადდა

15-07-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის – „მეცნიერების კალენდარი 2021“ ფარგლებში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი სკოლის მოსწავლეებისთვის სამეცნიერო თემატიკის ნახატების ეროვნულ კონკურსს აცხადებს.


სამინისტროს  ცნობით, ნახატების კონკურსი, მეცნიერების პოპულარიზაციასთან ერთად, ახალგაზრდებში შემოქმედებითი უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს. კერძოდ, ხელოვნების მოყვარულ მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, მეცნიერების მიღწევები, აღმოჩენები, ტექნოლოგიური გამოგონებები, მეცნიერთა შემოქმედებითი გზა თუ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის სხვადასხვა ასპექტი სახვითი ხელოვნების ნიმუშებში აღბეჭდონ.

კონკურსში მონაწილეობის უფლება საქართველოს ნებისმიერი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საშუალო საფეხურის X, XI და XII კლასების მოსწავლეებს აქვს. მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო დოკუმენტები (საკონკურსო განაცხადი და ნახატის აღწერილობა, მხატვრული ნამუშევრის ელექტრონული ვერსია) 2021 წლის, 1 სექტემბრამდე უნდა გააგზავნონ შემდეგ მისამართზე: artgoriuni@gmail.com

განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ საკონკურსო კომისია, ღია კონკურსის წესით,
განიხილავს ნამუშევრებს და გამოავლენს 3 გამარჯვებულს, რომლებსაც ფულადი ჯილდოები გადაეცემათ. პირველ ადგილზე გასული მოსწავლე 500 ლარს მიიღებს, მეორე ადგილის მფლობელს 300 ლარი გადაეცემა, ხოლო მესამე ადგილზე გასულს კი – 200 ლარი.

ამასთან, კომისია გამოავლენს 10 საუკეთესო ნამუშევარს, რომლებიც გორის უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისში გამოიფინება.

კონკურსში ჩართული მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობის დამადასტურებელ სიგელებს, გამორჩეული 10 ნამუშევრის ავტორს კი, სიგელებთან ერთად, სამახსოვრო საჩუქრებიც გადაეცემათ.

კონკურსზე წარმოდგენილი ნამუშევარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
• თემატურად ნახატი უნდა იყოს მეცნიერებასთან კავშირში
• ნახატი უნდა იყოს კონკურსანტის ორიგინალური ნამუშევარი, რომელიც ჯერ არ გამოფენილა
• კონკურსზე მიიღება სახვითი ხელოვნების ნებისმიერი მიმდინარეობა, უპირატესობა მიენიჭება ინოვაციური მიდგომის გამოყენების ამსახველ ნამუშევრებს
• საკონკურსო ნახატის შექმნა შთაგონებული უნდა იყოს რაიმე სამეცნიერო აღმოჩენის, ტექნოლოგიური გარღვევის, ინოვაციური გამოგონების, სამეცნიერო ჰიპოთეზის, სამეცნიერო ფენომენისა და გამორჩეული კვლევის პროცესით; ან წარმოადგენდეს ცნობილი ქართველი მეცნიერის პორტრეტს სამეცნიერო-კვლევით გარემოში
• საკონკურსო ნამუშევარს თან უნდა ახლდეს აღწერილობა იმის შესახებ, თუ როგორ არის დაკავშირებული მათი ნამუშევარი მეცნიერებასთან. აღწერილობა შეიძლება შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: რომელი სამეცნიერო აღმოჩენა, ტექნოლოგიური გარღვევა, ინოვაციური გამოგონება, სამეცნიერო ჰიპოთეზა, სამეცნიერო ფენომენი და გამორჩეული მეცნიერის/გამომგონებლის მოღვაწეობა დაედო საფუძვლად კონკურსანტის მიერ წარმოდგენილ ნამუშევარს. სიტყვათა რეკომენდებული რაოდენობა – არაუმეტეს 300 სიტყვისა
• თითოეულ კონკურსანტს უფლება აქვს კონკურსზე წარმოადგინოს 1 ნამუშევარი
• ჟიური უფლებას იტოვებს თემასთან შეუსაბამო ნამუშევარი არ დაუშვას კონკურსზე.