გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მინდელის შახტაში რეკომენდაციები ნაწილობრივ იყო შესრულებული – ელზა ჯგერენაია

5-04-2018

ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, ელზა ჯგერენაიას განცხადებით, მინდელის შახტაში შრომის უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარება შრომის ინსპექციამ 2017 წლის ივნისში შეისწავლა და რეკომენდაციები გასცა. დეკემბერში ჩატარებული განმეორებითი მონიტორინგის შედეგად კი გაირკა, რომ რეკომენდაციები ნაწილობრივ იყო შესრულებული.

მინდელის შახტაში, გასული წლის მაისში, ლიფტის ჩავარდნის შედეგად ოთხი მაღაროელი დაიღუპა. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციამ შემოწმება სწორედ ამ ფაქტის შემდეგ განახორციელა.

„მინდელის შახტა გასული წლის ივნისში შევისწავლეთ. შესაბამისად გაიცა რეკომენდაცია დარღვევებზე. ამას მოჰყვა განმეორებითი შემოწმება. რემონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული რეკომენდაციები. დარღვევები ეხებოდა ტექნიკური რეგლამენტის ნორმების შესრულებას, ასევე ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებებს. მაშინ [2017 წლის მაისში], სიმაღლიდან ვარდნის პრევენციის მიზნით ზომების დაუცველობას ჰქონდა ადგილი. კონკრეტულად, ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებების გათვალისწინება უნდა მომხდარიყო. ეს ეხება ღვედებს. როგორც ვიცი ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს“, - აღნიშნა ელზა ჯგერენაიამ.

მისივე თქმით, გახდა თუ არა შრომის ინსპექციის მიერ გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობა დღეს მომხდარი შემთხვევის მიზეზი, უახლოეს პერიოდში გაირკვევა.

„ობიექტური სურათისთვის გვჭირდება უფრო დეტალური ინფორმაცია. ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ვარაუდია, რომ შემთხვევა სამთო დარტყმამ გამოიწვია. ასევე ჟღერდება ინფორმაცია, რომ სეისმურ ბიძგებსაც შეიძლება ჰქონოდა ადგილი.

სამთო დარტყმა დაკავშირებულია ჰაერის უეცარი ნაკადის მოწოლით გამოწვეული ქანების ჩამოშლასთან. შეიძლებოდა თუ არა ამის პრევენცია, დადგა თუ არა ეს ფაქტი უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შედეგად, ამაზე პასუხი ვითარების შესწავლის შემდეგ გვექნება.

შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემები ზოგადად არსებობს იქიდან გამომდინარე, რომ რეგულაციები არ იყო აქამდე. შრომის უსაფრთხოების კანონი ძალაში შევიდა, სანქციები 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდება და შესაბამისად, რეაგირება დაიწყება“, - აღნიშნა ჯგერენაიამ.

მინდელის სახელობის შახტაში დღეს, დილით, დაახლოებით 04:00 საათზე მომხდარ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი მეშახტე კი დაშავდა.

მინდელის სახელობის შახტას „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „საქნახშირი“ მართავს. კომპანიაში განაცხადეს, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო და სამთო დარტყმის პრევენცია ვერ მოხერხდებოდა. 

reginfo.ge