21-07-2021
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, 1992 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს.
მას ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 ივლისს, ღამით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ყოფილი მეუღლე - 1994 წელს დაბადებული გ.პ. და მამამისი - 1969 წელს დაბადებული ი.პ. მათსავე საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა, ხოლო იქვე მყოფი გ.პ.-ის დედის - 1974 წელს დაბადებულ ს.ა. -ს და ყოფილი მეუღლის ძმის - 1996 წელს დაბადებული ა.პ. - ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკვლას შეეცადა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ს.ა. და ა.პ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება დაეწიათ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 11 პრიმა-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.