21-07-2021
გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილების დირექტორმა პროფესორმა სვენდ ჰანსენმა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცა გერმანელი და ქართველი სპეციალისტების მიერ, ერთობლივად ჩატარებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით დამზადებულ ქსოვილი.
აღნიშნული ქსოვილი ექსპერიმენტული კვლევის შედეგად შეიქმნა იმ ქსოვილის ფრაგმენტის მიხედვით, რომელიც ლაგოდეხში, ძვ.წ. III ათასწლეულით დათარიღებულ ყორღანულ სამარხში აღმოჩნდა 2012 წელს (ექსპედიციის ხელმძღვანელი ზურაბ მახარაძე).
გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი მრავალი წელია მჭიდროდ თანამშრომლობენ. თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობს ერთობლივი სამეცნიერო კვლევები, ეწყობა კონფერენციები, გამოფენები, იბეჭდება პუბლიკაციები. 2018-2019 წლებში ფრანკფურტის არქეოლოგიურ მუზეუმში მოეწყომასშტაბური გამოფენა „ოქრო და ღვინო – საქართველოს უძველესი საგანძური“. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მდიდარი არქეოლოგიური მასალა, მათ შორის ანანაურის N3 ყორღანში აღმოჩენილი ძვ.წ. III ათასწლეულით დათარიღებული ქსოვილის ფრაგმენტებიც, რომელთა კონსერვაციაც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.
ასეთი ძველი ეპოქის ქსოვილის ნიმუშები ძალიან იშვიათი მონაპოვარია. სწორედ, გერმანიაში გამოფენის მზადებისას დაიბადა იდეა, უძველესი ტექნიკა-ტექნოლოგიის სრული დაცვით დამზადებულიყო ქსოვილის ანალოგი. ამავე გამოფენისათვის შეიქმნა ასევე ანიმაცია, რომელიც წარმოაჩენს ყორღანული სამარხის დეტალურ რეკონსტრუქციას. ეს ვიზუალური მასალა ხელმისაწვდომია დამთვალიერებლისათვის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის არქეოლოგიურ გამოფენაზე. მას მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და შემეცნებითი ფუნქცია აქვს - ფართო საზოგადოებას აცნობს უძველესი ეპოქების ყოფა-ცხოვრების თუ დაკრძალვის წესებს.
გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობა გრძელდება. ორივე ინსტიტუცია შეისწავლის პრეისტორიული ეპოქის დიდ გამოგონებებს, იქნება ეს ქსოვილის წარმოება, ადრეული მიწათმოქმედება, უძველესი მეტალურგია, ბორბალი თუ სხვა. ამ სამეცნიერო პროექტების მხარდამჭერები არიან გერმანიის სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოება (DFG), შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი და სხვა დონორი ორგანიზაციები.
ექსპერიმენტული არქეოლოგია არის არქეოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს პრეისტორიული ხანის არტეფაქტების ფუნქციას, მათი დამზადების ტექნიკასა და პროცესს. ექსპერიმენტული არქეოლოგია ხელს უწყობს თეორიების შემოწმებას.