გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გიორგი კაკაურიძე: 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები სამი ძირითადი მიზნის - ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების, ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობისა და პანდემიის მართვისთვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად გვჭირდებოდა

22-07-2021

მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები გვჭირდებოდა სამი ძირითადი მიზნის - ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების, ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობისა და პანდემიის მართვისთვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების დამტკიცების შემდეგ მედიასთან გაკეთებულ განცხადებაში.

მისი თქმით, პარლამენტის მიერ აღნიშნული ცვლილებების მხარდაჭერა, მნიშვნელოვანი იყო ამ მიზნების განხორციელებისთვის.

„დღეს საქართველოს პარლამენტმა საბოლოოდ განიხილა 2021 წლის ბიუჯეტის ცვლილებები. დიდი მადლობა პარლამენტს, მმართველ გუნდს მხარდაჭერისთვის, ვინაიდან ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები იყო. ჩვენ გვაქვს ეკონომიკის სწრაფი აღდგენა. ველოდებით 7,7%-იან ეკონომიკურ ზრდას, რამაც მოგვიტანა დამატებითი შემოსავლები. მიმდინარე წლის ბიუჯეტში დამტკიცებული ცვლილებები ორიენტირებულია სამი ძირითადი მიზნის მიღწევაზე. ესაა საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება, რაც აუცილებელია გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის, მეორე ესაა ეკონომიკური აღდგენის ფისკალური ხელშეწყობა, რაც გამოიხატება ინფრასტრუქტურული პროექტების, სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი და ეკონომიკის მწარმოებლური სექტორების მხარდამჭერი პროგრამების ზრდაში და მესამე, რაც წელს ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა - ეს არის ჯანდაცვის ხარჯების დაფინანსება. პანდემიიდან გამომდინარე, ჩვენ გვიწევს გაცილებით მეტი მოცულობით დავაფინანსოთ ჯანდაცვის ხარჯები, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო ბიუჯეტში ასახული", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ამ თანხაში იგულისხმება როგორც მკურნალობის, ისე ვაქცინაციის ხარჯები.

„150 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული ვაქცინაციისთვის. სრულყოფილად არის მობილიზებული დოზები იმისთვის, რომ ჩვენი ზრდასრული მოსახლეობის 60% იყოს აცრილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროცესში ჩაერთოს, რაც შეიძლება მეტი მოქალაქე იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ რისკები, რაც პანდემიის ფართოდ გავრცელებას მოჰყვება. ძალიან სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ერთმა ნაწილმა საერთოდ არ მიიღო მონაწილეობა განხილვაში, ხოლო ნაწილმა მხარი არ დაუჭირა ამ პროექტს. საბოლოო ჯამში, ეს ცვლილებები ემსახურება ერთი მხრივ, პანდემიის ეფექტურ მართვას, მეორე მხრივ იმას, რომ ჩვენმა ეკონომიკამ სწრაფად აღიდგინოს ის დანაკარგი, რაც სამწუხაროდ, პანდემიამ მოუტანა", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

იგი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებებს, რომ ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებები საარჩევნო მიზნებს ემსახურება.

„აბსურდულია ის განცხადება, რომ ეს ცვლილებები საარჩევნო მიმართულებებზეა გადანაწილებული. 446 მილიონი ემატება მხოლოდ ჯანდაცვის ხარჯებს და თუ ვინმე იტყვის, რომ ეს ხარჯები არ არის საჭირო, ნამდვილად არ შევალ ამ დებატებში, ვინაიდან ნათელია, თუ რაოდენ საჭიროა ჯანდაცვის ხარჯები. ვხედავთ, რომ ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გასცდა ორი ათასს და ადამიანებს, რა თქმა უნდა, სჭირდებათ მკურნალობა და პრევენცია ვაქცინაციის კუთხით, რათა არ დაგვჭირდეს დამატებითი შეზღუდვები. შესაბამისად, ერთადერთი გზა არის თანხების ხარჯვა იმ მიმართულებით, რომ ხელი შევუწყოთ ეკონომიკის აღდგენას. თუ ამ თანხების ხარჯვას ვინმე წინასაარჩევნოდ გადანაწილებულ თანხებს ეძახის, ის ნამდვილად ცდება და ეს არასწორი ინტერპრეტირებაა", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.