22-11-2017
იყიდება თუ არა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო? – საავადმყოფოს ადმინისტრაციასა და აჭარის ეკონომიკის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ მსგავსი საკითხი არ განიხილება. აჭარის ჯანდაცვის მინისტრი კი ამბობს, რომ შეკითხვა უსაფუძვლო არ არის.
„მესმის, რატომაც გაჩნდა ეს შეკითხვა. საავადმყოფოს აღჭურვასთან დაკავშირებით ბიუჯეტში თანხა არ ჩანს. გარდა ამისა, არის საუბრები რესპუბლიკური საავადმყოფოს მართვის გადაცემაზე უცხოური კომპანიისთვის,“ – აღნიშნავს აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე. მისი თქმით, საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის, მაგრამ რამდენიმე უცხოურ კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მართვის უფლების გადაცემაზე.
„ხაზგასმით ვამბობ, რომ საუბარია არა წილის გაყიდვაზე, არამედ მართვის უფლების გადაცემაზე. რამდენიმე საერთაშორისო კომპანიამ გამოთქვა სურვილი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საავადმყოფოს მართვაზე. ჩვენი ინტერესი არის საუნივერსიტეტო კლინიკა. ჩვენთან საკმაოდ ძლიერია და მზარდი უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, ამას სჭირდება მძლავრი ბაზა. რომელი მოდელით წავალთ, ჯერ არ ვიცი,“ – ამბობს ზაალ მიქელაძე.
რომელ კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება მართვის გადაცემაზე? – ჯანდაცვის მინისტრი დაინტერესებულ კომპანიებს არ ასახელებს. „ვიზიტით უნდა ჩამოვიდნენ და თუკი საბოლოოდ დაადასტურებენ ამ სურვილს, შემდეგ შეიძლება დეტალებზე საუბარი,“ – დასძენს ის.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გასხვისებას, მათ შორის, მართვის უფლების გადაცემას კატეგორიულად გამორიცხავენ აჭარის ეკონომიკის სამინისტროში. მართვის უფლების გადაცემას ჭორს უწოდებს თავად „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დირექტორი – მალხაზ ხალვაში. იგი რამდენიმე არგუმენტს ასახელებს, რის გამოც ფიქრობს, რომ საავადმყოფოს მართვის უფლების შეძენით კერძო კომპანია არ დაინტერესდება.
„საავადმყოფოს ტექნიკურ აღჭურვას სჭირდება დაახლოებით 25 მილიონი დოლარი. რა დროში უნდა ამოიღოს ეს თანხა კერძო კომპანიამ და კიდევ მოგება დარჩეს? უმთავრესი მაინც არის სოციალური დატვირთვა, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოს აქვს. მე ვარ დარწმუნებული, რომ სახელმწიფო საავადმყოფო სჭირდება ჩვენს რეგიონს, რადგან ბევრი ადამიანი არსებობს, ვისაც ზრუნვა სჭირდება. ეს საავადმყოფო თავისი არსით შემოსავლებზე ორიენტირებული ვერ იქნება. ამიტომაც მგონია, საავადმყოფოს მართვის გასხვისება ჭორი,“ – გვითხრა მალხაზ ხალვაშმა.
„ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს“ მშენებლობა 2018 წლის მაისში უნდა დასრულდეს. ახალ საავადმყოფოს კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ აშენებს 22 მილიონ 172 764 ლარად. აჭარის ბიუჯეტში ამ ეტაპზე თანხა საავადმყოფოს ტექნიკურ აღჭურვილობაზე გათვლისწინებული არ არის.
საავადმყოფოს ახალ შენობას შპს „სტადიონი“ მართავს. ტექნიკაზე თანხა არც ამ ორგანიზაციას აქვს გამოყოფილი. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ ტექნიკურ აღჭურვილობის საკითხს ჯანდაცვის სამინისტრო სწავლობს და საბოლოო მონაცემების მიწოდების შემდეგ ჩაიდება ტექნიკის თანხა ბიუჯეტში.
ეკონომიკის სამინისტროსგან განსხვავებით, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია ახალი საავადმყოფოს ტექნიკურ აღჭურვასთან დაკავშირებით.
„აღჭურვილობასთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაციას არ ვფლობთ, რადგან ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარება მხოლოდ არსებული საავადმყოფო. ახალს შპს „სტადიონი“ მართავს, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. მე არ მაქვს ინფორმაცია, არის თუ არა ამ შპს-ს ბიუჯეტში ჩადებული თანხა ახალი საავადმყოფოს ტექნიკურ აღჭურვაზე,“ – აღნიშნა ზაალ მიქელაძემ.
ახალი სავადმყოფოს ტექნიკურ აღჭურვაზე ინფორმაცია არც „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დირექტორის აქვს. მალხაზ ხალვაშმა გვითხრა, რომ ეს საკითხი მასთან არ წყდება. „მე ვიცი, რა დრო დამჭირდება მას შემდეგ, როცა ახალ ტექნიკას შევიძენთ. ჩემი გათვლით ამას სადღაც ნახევარი წელი დასჭირდება. ყველა მიმართულების სპეციალისტმა იცის, რა ტექნიკა სჭირდება. ჯერჯერობით ამ თემაზე საუბარი არ არის“, – დასძინა მან.
წყარო: გაზეთი "ბათუმელები"