26-07-2021
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა განიხილა მოქალაქე ალექსი მერებაშვილის საკანონმდებლო წინადადება ოკუპაციისა და უკანონო ბორდერიზაციის შედეგად საქართველოს დაზარალებული მოქალაქეების დახმარებასთან დაკავშირებით და საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით მრავალსექტორული სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.
საკანონმდებლო წინადადების მიზანი საქართველოს იმ მოქალაქეების დახმარებაა, რომლებმაც რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და უკანონო ბორდერიზაციის შედეგად დაკარგეს მათ საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ფლობის და სარგებლობის უფლება, თუმცა ამ მოქალაქეებს არ მიუტოვებიათ საცხოვრებელი ადგილი, ანუ ისინი დევნილის სტატუსს არ ფლობენ. ინიციატორი მიიჩნევს, რომ ვინაიდან აღნიშნული პირები დევნილის სტატუსის მქონე პირებისთვის განკუთვნილი შეღავათებით ვერ სარგებლობენ, ეს გარკვეულწილად არათანაბარ უფლებრივ მდგომარეობაში ამყოფებს მათ, შესაბამისად, მათთვის თანაწონადი ქონების, ან ფულადი კომპენსაციის გადაცემა უნდა მოხდეს.
„იდეა საყურადღებოა. სხვადასხვა უწყებებიც, რომლებიც ამ საკითხთან შემხებლობაში არიან, გამოთქვამენ მზადყოფნას თანამშრომლობისათვის. საქმე ისაა, რომ თემა სენსიტიური და მნიშვნელოვანია, როგორც სოციალური ასევე პოლიტიკური კუთხით, ამიტომ აუცილებელია, რომ ყოველმხრივ სწორად შევაფასოთ და გადაწყვეტილებაც შესაბამისად მივიღოთ", - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.
კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადებას, საკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, წარმოდგენილი სახით მხარი არ დაუჭირა და საბოლოოდ მრავალსექტორული სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.
აღნიშნული ჯგუფის მუშაობაში, კანონმდებლებთან ერთად, მონაწილეობას სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები და საერთაშორისო პარტნიორებიც მიიღებენ.