22-11-2017
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობის ეტაპების საექსპერტო შეფასებაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 38 ათასი ლარია.
„საექსპერტო შეფასების მიზანია მშენებლობის განხორციელების ეტაპების შეფასება უსაფრთხო და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემოს უზრუნველყოფისათვის… ექსპერტი, მშენებლობის ყოველი ეტაპის დასრულებისას, ახდენს მშენებლობის პროცესის დოკუმენტებთან შესაბამისობის საექსპერტო შეფასებას… საბოლოო შეფასება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან უარყოფითი“ – აღნიშნულია ტენდერის პირობებში.
ესტაკადის მშენებლობის განხორციელების ძირითადი რიგის ეტაპებია:
მშენებლობის ეტაპების ვადები კი სანებართვო პირობებით უნდა დაზუსტდეს.
ესტაკადის სამშენებლო სამუშაოებს ცალკე ტექნიკურ ზედამხედველობას კომპანია „ოიკო ჯგუფი“ გაუწევს, რომელთანაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 137 ათას ლარზე ხელშეკრულება მიმდინარე წლის 15 ნოემბერს გააფორმა.
ესტაკადა კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტ“-მა უნდა ააშენოს. მშენებლობაზე ხელშეკრულება სამინისტრომ, მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, 14 მილიონ 370 ათას ლარზე გააფორმა.
ზედამხედველი და მშენებელი კომპანიები სამინისტრომ ტენდერით შეარჩია
ბათუმში, პორტის მიმდებარედ, ესტაკადა 2018 წლის 20 სექტემბრამდე უნდა აშენდეს.
არის თუ არა ესტაკადის მშენებლობაზე ნებართვა გაცემული? – „კავკასუს როუდ პროჯექტ“-ის დირექტორის, ლევან ტრაპაიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს ესტაკადის მშენებლობისთვის.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით კი, იმ პროექტებთან მიმართებაში, რომლებსაც სამინისტრო ახორციელებს, მშენებლობის დაწყებისთვის საჭიროა სამინისტროს მხრიდან შესაბამისი ბრძანება – მშენებლობის შეთანხმების შესახებ. ესტაკადის შემთხვევაში ასეთი ბრძანება ჯერ გამოცემული არ არის და ის მომზადების ეტაპზეა.
წყარო: გაზეთი "ბათუმელები"