გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიხეილ ჩხენკელი: ჩვენი გუნდის მიზანია, პროფესიული განათლება გახდეს კიდევ უფრო პოპულარული და მასზე წვდომა ჰქონდეს ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს საქართველოს ყველა რეგიონში

30-07-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას საზოგადოებას პროფესიული განათლების განვითარების ხედვა გააცნო.

როგორც მინისტრმა განაცხადა, პროფესიული განათლების მიმართულებით განხორციელებული რეფორმის პირველ ეტაპზე (2013-2020), ეროვნული კვალიფიკაციებისა და ინფრასტრუქტურის ევროპულ სტანდარტთან შესაბამისობაში მოსაყვანად ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა.

„რეფორმის შემდეგ ეტაპზე მნიშვნელოვანია მასშტაბის ზრდა, რათა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა მიიღოს პროფესიული განათლება და დასაქმდეს შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად. იგეგმება საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებათა ქსელის განვითარების ხელშეწყობა, რათა 2032 წლისთვის ქვეყანაში წლის განმავლობაში 100 000-მდე ახალგაზრდამ და ზრდასრულმა შეძლოს საერთაშორისო სტანდარტის პროფესიული განათლების მიღება, მათ შორის, მომზადება-გადამზადების პროგრამებით სარგებლობა“, – აღნიშნა მინისტრმა.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, ყველა მუნიციპალიტეტში შეთავაზებული იქნება ადგილობრივი ეკონომიკის მოთხოვნის შესაბამისი პროგრამები და მრავალფეროვანი სერვისები, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

მინისტრი თავის გამოსვლაში პროფესიული და ზოგადი განათლების ინტეგრირებულად მიღების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საბაზო განათლების მქონე მოზარდებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, სწავლა განაგრძონ ინტეგრირებულ პროფესიულ პროგრამებზე, რომლებიც, საშუალო განათლებასთან ერთად, მათ პროფესიის დაუფლების შესაძლებლობასაც აძლევს. ეტაპობრივად გაიზრდება ინტეგრირებული პროგრამების რიცხვიც.

„ასევე მჭიდროდ დაუკავშირდება ერთმანეთს პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურებიც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზრდასრული მოსახლეობის პოტენციალის გააქტიურება და მათი კომპეტენციების განახლება. ამიტომ ყოველწლიურად გაიზრდება სახელმწიფო სასერტიფიკატო მომზადება-გადამზადების პროგრამების მიწოდების მასშტაბიც“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

რაც შეეხება საქართველოს კვალიფიკაციების სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას და საერთო ევროპულ სივრცეში მისი ინტეგრაციის ხელშეწყობას, მინისტრის თქმით, 2020 წელს დამტკიცებული EQAVET (პროფესიული განათლების ევროპული ხარისხის ქსელი) ინდიკატორების შესაბამისი სტანდარტის დანერგვა წარმატებით მიმდინარეობს. 6 წელიწადში ყველა სასწავლებელი იფუნქციონირებს ახალ სტანდარტთან სრულ შესაბამისობაში, რაც გაამყარებს საერთაშორისო კავშირებს და ხელს შეუწყობს ეროვნული კვალიფიკაციების საერთაშორისო დონეზე აღიარებას.

პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის კუთხით წახალისდება გაცვლითი და ერთობლივი პროგრამების განხორციელება უცხოურ სასწავლებლებთან ერთად. იგეგმება Erasmus პროგრამის ამოქმედება უკვე პროფესიული განათლების საფეხურზე. განვითარდება ექსელენს-ცენტრები (CoE) და საერთაშორისო სასწავლებლები, რომლებიც შეძლებენ უცხოელი სტუდენტების მოზიდვას. სასწავლებლებში ამოქმედდება უცხოური ენის ცენტრები. გაცვლითი პროგრამები შეთავაზებული იქნება როგორც სტუდენტებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის.

მინისტრი თავის გამოსვლაში პრემიერ-მინისტრის ინიციატივასაც შეეხო და აღნიშნა, რომ სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან უცხოელი მასწავლებლები, რაც საერთაშორისო სტანდარტის სწავლებას შეუწყობს ხელს. დაინერგება პროფესიული მასწავლებლის განვითარების ახალი მოდელი. მასწავლებლის საათობრივი ანაზღაურება, რომელიც ბოლო რამდენიმე წელიწადში 3-ჯერ გაიზარდა, კვლავ განაგრძობს ზრდას.

პროფესიულ კოლეჯებში სწავლების საშუალებებსა და მეთოდებთან დაკავშირებით მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ დაინერგება ციფრული და შერეული სწავლების მიდგომები, ასევე გაგრძელდება სახელოსნოებისა და პრაქტიკული სასწავლო სივრცეების მოდერნიზაცია. გაგრძელდება კერძო-საჯარო პარტნიორობით, რეალურ სამუშაო გარემოში სწავლების მასშტაბის ზრდა, დუალური სწავლების მოდელის დანერგვაზე განსაკუთრებული აქცენტით. პრიორიტეტულია კოლეჯების ბაზაზე სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარება, რაც, თავის მხრივ, მცირე ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.

რაც შეეხება საჯარო/კერძო პარტნიორობას მინისტრის თქმით, ყველა განვითარებულ ქვეყანაში პროფესიული განათლების ეფექტიანი მართვის წინაპირობას წარმოადგენს კერძო და საჯარო სექტორებს შორის გაზიარებული პასუხისმგებლობა, რაც სისტემურ და ორგანიზებულ ხასიათს იძენს. 2021 წლიდან საქართველომ შეძლო უპრეცედენტო და სრულიად ინოვაციური მართვის მოდელის დანერგვა. კერძო-საჯარო პარტნიორობით დაფუძნდა პროფესიული უნარების სააგენტო, რომელსაც საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მართავს დამსაქმებელთა შვიდი მსხვილი გაერთიანება.

პლატფორმა ასევე უზრუნველყოფს 40-ზე მეტი სექტორული ორგანიზაციის ჩართულობას, რაც ხელს შეუწყობს სფეროს განვითარებას ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ათწლიანი გეგმით პროფესიული განათლების ბიუჯეტი 2030 წლისთვის 730 მლნ ლარს მიაღწევს.