30-07-2021
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო და მწერალთა სახლი აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს სახელწოდებით „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“.
აფხაზეთის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონკურსის მიზანია მოზარდებში ცნობიერების ამაღლება კონფლიქტის ზონებისა და საქართველოს ოკუპაციიის შესახებ, მათთვის იმის შეხსენება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები ჩვენი თანამოქალაქეები არიან, რომლებთანაც საერთო ისტორიული წარსული გვაკავშირებს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 16-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს, რომელთაც რამდენიმე ეტაპის გავლა მოუწევთ.
საკონკურსო განახცადებიდან კონფიდენციალური ჟიური 10 კონკურსანტს შეარჩევს, რომელთა ვინაობაც 25 სექტემბერს გახდება ცნობილი. ლიტერატურული კონკურსის ფინალისტები იმპროვიზაციულ ტურში გადაინაცვლებენ, სადაც თანამედროვე ქართველ მწერლებთან ერთად ორ დღეს არაფორმალურ გარემოში გაატარებენ.
იმპროვიზაციულ ტურში ფინალისტებმა კონკურსის ჟიურისგან მიცემული დავალების მიხედვით, წინასწარ განსაზღვრულ დროში უნდა შექმნან ლიტერატურული ნაწარმოებები, რომლებიც კონკურსის დასასრულს ერთ წიგნად გამოიცემა.
დასკვნით ეტაპზე კი გამოვლინდება სამი საუკეთესო ნაწარმოების ავტორი, რომლებსაც სპეციალური პრიზები გადაეცემათ.