3-08-2021
ჩვენ ერთი რამ უნდა შევახსენოთ ერთმანეთს, თუ როგორ საქართველოს ვუტოვებთ ჩვენს შვილებს; ვუსმენთ რა პოლიტიკოსებს, სულ უფრო და უფრო ნაკლები გვესმის რეალური ხედვების შესახებ, რეალური გადაწყვეტილებების, შემოთავაზებების თუ გამოსავლის შესახებ, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ დროს, ეს უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხი, სხვა გამოწვევებთან ერთად, როგორიც არის მძიმე მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, უმუშევრობა, სიღარიბე, ახლა კოვიდპანდემია, განათლების სფეროში არსებული გამოწვევები და ა.შ.
„ჩვენ დავისახეთ მიზნად, ეტაპობრივად, თანმიმდევრული, პრაგმატული, მშვიდობიანი პოლიტიკით ეს საკითხები გადაიჭრას. ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება კონკრეტული შედეგების ჩვენება და დემონსტრირება. მხოლოდ საუბარი, დამეთანხმებით, საკმარისი არ არის. ჩვენ, პოლიტიკოსებმა, შეიძლება ბევრი ვისაუბროთ და ძალიან ბევრჯერ მოვუწოდოთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს, როგორც ტრადიციულად ვიმეორებთ, მაგრამ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ კონკრეტული ნაბიჯები. რა შეიძლება იყოს ასეთი კონკრეტული ნაბიჯი, თუ არა ის, რომ ჯერ შიგნით, კონტროლირებად ტერიტორიაზე და ჩვენს საზოგადოებაში ვაჩვენოთ ერთობა. ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დღეს არის ერთობა და მოდით, გულახდილად ვთქვათ, რომ ერთობა ყოველთვის იყო გამოწვევა ქართველებისთვის, მაშინ, როდესაც ვიყავით ერთიანი და ძლიერი, ყოველთვის წარმატებული იყო ჩვენი საქართველო”, – განაცხადა პრემიერმა.