11-04-2018
სამეგრელოს რეგიონში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს.
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს დახარჯულმა თანხამ 2013 წლიდან დღემდე 91 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურისთვის, 15 მილიონი ლარი დაიხარჯა, ჯამში კი 98 კილომეტრი გზა დაიგო. ხიდების რეაბილიტაციისთვის კი 1 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხიდებს: რუხში, შამგონასა და ხურჩაში.
სხვა საჭიროებებთან ერთად გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში წყალმომარაგების პრობლემები არსებობდა. წყალმომარაგების პროექტების განხორციელებისთვის 11 580 000 ლარი დაიხარჯა. აქედან უმეტესი ნაწილი განმუხურის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობაზე მოდის.
გუბერნატორის ადმინისტრაციის, მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მდინარე ენგურზე მასშტაბური ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა ტყაიას, შამგონას, კოკის და ორსანტიას მონაკვეთზე.. ნაპირსამაგრი სამუშაოებისთის გახარჯულმა თანხამ სულ 3 320 000 ლარი შეადგინა.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ბაღებს, მოხდა კულტურული და სპორტული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია. გადაიხურა მრავალბინიანი კორპუსები, სადაც ძირითადად დევნილი ოჯახები ცხოვრობდნენ.
გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდა განმუხურში, ორსანტიაში, შამგონაში, კოკში, ტყაიასა და რიყეში.
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში, განხორციელდა მსხვილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. სოფელ რუხში აშენდა მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი. სადაც განთავსებული სავაჭრო ობიექტებით და მომსახურეობის სერვისებით საოკუპაციო ზოლის ორივე მხარეს მცხოვრები მოქალაქეები სარგებლობენ.
რუხში დასრულდა საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა, სადაც ამჟამად შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. საავადმყოფო 220-ადგილიანი იქნება. კომპლექსის მშენებლობისთვის 41 მილიონი ლარი იხარჯება.
რუსხა და ორსანტიაში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრები. რომლებიც საოკუპაციო ზოლის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის მდგომარეობის შესამსუბუქებლად აშენდა. ცენტრებში მოქალაქეები საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით სარგებლობენ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც აანონსებს:
"2018 წელს იწყება პალურის გზის სრული რეაბილიტაცია, ასევე მოხდება მუჟავას გზის მშენებლობა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რუხის, ტყაიას და კოკის (ნალიმის უბანში) შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მოხდება.
გარდა ამისა, გამყოფი ხაზის გასწვრივ ენგურჰესზე მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა. რაც მოიცავს გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცესა და მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალ ლიფტს კაშხალზე" - ნათქვამია ანგარიშში.