5-08-2021
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავების სამუშაო პროცესს სოფელ ჩუმლაყში გაეცნო. მინისტრი ფერმერებს, სამაცივრე მეურნეობის წარმომადგენლებსა და ექსპორტიორებს შეხვდა.
შეხვედრას გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
„წელს წარმატებული სეზონი გვაქვს; ექსპორტზე რეკორდული რაოდენობის ატამი და ვაშლატამა გადის. ამ დროისთვის, ექსპორტირებული პროდუქტის რაოდენობა 24 ათასი ტონაა. ვფიქრობ, სეზონი წარმატებით დასრულდება კახეთში. პარალელურად, ექსპორტის განხორციელება დაიწყო შიდა ქართლიდან, რომელიც კიდევ ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს წარმატება ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია. მიწოდების ჯაჭვში წლების წინ არსებული ძირითადი სისუსტეები სახელმწიფომ აღმოფხვრა - ეს იყო პრობლემა ხარისხთან და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, ჩვენ შემნახველი და სამაცივრე მეურნეობების დეფიციტი გვქონდა. თუ რამდენიმე წლის წინ, ფაქტობრივად, ერთი მეურნეობა იყო, დღეს უკვე, 40-ზე მეტი სამაცივრე მეურნეობაა მხოლოდ სოფელ ჩუმლაყში. ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს თანადაფინანსებით არის შექმნილი. ყოველივე ეს უზრუნველყოფს, რომ საექსპორტო ბაზრებზე ქართული ატამი იყოს კონკურენტუნარიანი”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ატმის რეალიზაციის პროცესი ორგანიზებულად მიმდინარეობს, მოქმედებს ერთი ფანჯრის პრინციპი; ფიტოსანიტარები აქტიურად არიან ჩართული; სამაცივრე მეურნეობებში იმყოფებიან საბაჟოს წარმომადგენლები, რათა ექსპორტი შეუფერხებლად განხორციელდეს. ხელისუფლების ხელშეწყობით მოქმედებს მწვანე დერეფნის პრინციპი, რის საფუძველზეც პროდუქტი შეუფერხებლად მიდის ლარსის საბაჟო პუნქტამდე.
კახეთში, ატმის მოსავლის დაბინავების პროცესში, ადგილობრივ მუშახელთან ერთად, საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც არიან დასაქმებული.