7-08-2021
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ა.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, ბორჯომში, ინგოროყვას ქუჩაზე, ბრალდებულსა და 1984 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ ლ.ნ.-ს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც ლ.ნ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, ხოლო ბრალდებულმა მას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მისვლის შემდეგ გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ა.მ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია „АК 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.