7-08-2021
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და პარლამენტის დეპუტატები გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ.
ისინი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას პირადად გაეცნენ.მათ ადგილობრივებისგან მოისმინეს ის საჭიროებები, რაც მათ წინაშე დგას.
პარლამენტის წევრებმა ყურადღება სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობაზე გაამახვილეს და აღნიშნეს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უნდა მოიძებნოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზა.
დეპუტატების განცხადებით, საოკუპაციო ხაზი ჩვენი ეროვნული ტრაგედიის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოვლინებაა, დანაშაულია კაცობრიობის წინაშე, არ ჯდება სამართლებრივ ჩარჩოში და თრგუნავს იმ რესურსს, რაც აქაურ მოსახლეობას გააჩნია. ამის მიუხედავად, საოკუპაციო ხაზზე არსებული მწვანე ბაღები არის დემონსტრირება იმის, რომ არსებულ რეალობას არ შევეგუებით და ადგილობრივები ამ უბედურების ამსახველი ხაზის სიახლოვეს ცხოვრებაზე არასდროს იტყვიან უარს.
საოკუპაციო ხაზთან ასევე იმყოფებოდნენ: პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და საპარლამენტო ოპოზიციის წევრი ალექსანდრე ელისაშვილი.