10-08-2021
პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა მარნეულში, „ქართული ოცნების" მარნეულის მერობის კანდიდატის კენან ომაროვის წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"მოგესალმებით ამ ნამდვილად მრავალფეროვან და შრომისმოყვარე ქალაქში და მუნიციპალიტეტში. ტყუილად არ მითქვამს სიტყვა „შრომისმოყვარე". მე ხშირად ვსტუმრობდი მარნეულს, ხშირად გამოვსულვარ დილის 6 - 7 საათზე და სიამაყით ვყოფილვარ აღვსილი და გაკვირვებული, როდესაც მინახავს მთელი ოჯახი - დიდი და პატარა როგორ შრომობენ. საამაყოა - ისინი ქმნიან დოვლათს არა მხოლოდ საკუთარი ოჯახისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის.
ყველამ ვიცით, თუ რამდენი პროექტი განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ეს ნამდვილად ერთ-ერთი ის რეგიონია, რომელსაც შედეგები ეტყობა, რაც მეტ შემოსავალსა და განვითარებაში აისახება. თუმცა, დავამატებ, რომ პოტენციალი გაცილებით დიდია. ის ბიოლოგიურად სუფთა პროდუქცია, რომელიც აქ იქმნება, რომელსაც ჩვენ ყველანი ვყიდულობთ, აუცილებელია, ეს პროდუქცია გავიდეს ევროპაშიც, ამის ყველანაირი ბერკეტი არსებობს: ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, რომელიც ნახევარ მილიარდიან ბაზარზე გვიხსნის გზას. აუცილებელია, ეს პოტენციალი ბოლომდე გამოვიყენოთ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ძლიერი მერი, ძლიერი მუნიციპალიტეტი და ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც ხელს შეუწყობს თითოეულ მოქალაქეს, თავისი შრომა უფრო მეტად დაუფასდეს. მერობის კანდიდატი, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა, რომ ახალგაზრდობის ჩართულობით უფრო მეტი შედეგი შეიძლება დაიდოს, ის ამ მიმართულებით გაცილებით მეტს იმუშავებს და მეტ შესაძლებლობებს შეუქმნის ჩვენს ახალგაზრდა თაობას ამ ქალაქში. დარწმუნებული ვარ, შედეგები თავისას იტყვის - მალე ვნახავთ იმ წარმატებას, რომელიც ექნება ჩვენს კანდიდატს და მჯერა, პირველივე ტურში შევძლებთ დამაჯერებელ გამარჯვებას, გავაგრძელებთ იმ განვითარებას, რომელიც წლების წინ დავიწყეთ და დავდებთ იმაზე დიდ შედეგებს, რომლითაც ჩვენი შვილები იამაყებენ. კიდევ ერთხელ, მინდა, წარმატება ვუსურვო ჩვენს კანდიდატს, მინდა წარმატება ვუსურვო „ქართული ოცნების" გუნდს“ - განაცხადა კუჭავამ.