11-08-2021
ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, წალკაში, წალკის მერობის კანდიდატის, ილია საბაძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უნდა გაათმაგდეს მუშაობის და განვითარების ტემპი, რადგან ეს სჭირდება მოსახლეობას.
„მშვიდობას და სტაბილურობას სჭირდება განვითარება. ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველა მიმართულებით, იქნება ეს განათლება, სპორტი, კულტურა, ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა, ადგილობრივი წარმოების განვითარება. სოფლის მეურნეობის მიმართულებით არაერთი პროექტი დაა პროგრამა დაფინანსდა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ 13 000-ზე მეტი ბენეფიციარი ფერმერი სარგებლობს შეღავათიანი პროგრამებით.
1700-ზე მეტი სამაცივრე პროგრამა დაფინანსდა. გაშენდა 6400 ჰექტარი ახალი ვენახები. 13 000 ჰექტარი ხეხილის მრავალწლოვანი კულტურები გაშენდა. ეს საკმარისი არ არის, ჩვენ გვჭირდება მეტი განვითარება. ჩვენ შევიმუშავეთ კომპლექსური, მასშტაბური განვითარების ხედვები, ყველა მიმართულებით. ადგილობრივი წარმოების მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება მექნება მე პირადად და ჩვენს მთავრობას ჩვენი გეგმის მიხედვით, მომდევნო წლების განმავლობაში დაფინანსდება დაახლოებით 1300 ახალი საწარმო დაა ჯამში მთავრობა და კერძო სექტორი 2 მლრდ 500 მილიონის ინვესტირებას მოახდენს ადგილობრივი წარმოების განვითარებაში. ინფრასტრუქტურის მიმართულებით გვექნება ძალიან სერიოზული წინსვლა, წითელი ხიდიდან სარფამდე 4 საათში იქნება შესაძლებელ მგზავრობა. 32 მილიარდი დაიხარჯება ჩვენი რეგიონების განვითარებაში. ჩვენ დავიწყეთ ყველა მუნიციპალიტეტში ურბანული განახლების პროექტები. ეს და იხარჯება 500 მილიონი. მე მინდა, რომ ყველა ქალაქი და მუნიციპალიტეტი გახდეს ევროპული ტიპის. დავიწყებთ ურბანული ცენტრების განახლებას. ამით ისარგებლებს როგორ ჩვენი მოსახლეობა, ასევე კერძო სექტორი. დავიწყებთ რეკრეაციული სივრცეების განახლებას. ახალი სკვერები, ბაღების. ჩვენ დღეს ვიმყოფებით წალკის უნიკალურ კანიონთან, რომელიც ევროპაში არის ერთ-ერთი გამორჩეული. აქ უცხოური კომპანია ისრაელიდან 40 მილიონის ინვესტიციას ახორციელებს, რაც ამ ადგილის უნიკალურობაზე მიუთითებს. ჩემი დავალებით, ვმუშაობთ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში არსებული ასეთი უნიკალური ადგილები მაქსიმალურად ავითვისოთ. შევქმნათ ახალი ტურისტული ატრაქციები, გავუჩინოთ ახალი შესაძლებლობები ჩვენს მოსახლეობას, ახალი სამუშაო ადგილები - ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი.
ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ჩვენ ტემპები მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ. უნდა გავაათმაგოთ მუშაობის ტემპიც და განვითარების ტემპიც. ეს სჭირდება ჩვენს მოსახლეობას. სჭირდება კეთილდღეობა, სიმშვიდე და სტაბილურობა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.