12-04-2018
ქუთაისის მერიაში საქალაქო ტელეფონები გათიშულია. "ნიუპრესის" ინფორმაციით, ტელეფონების გათიშვა დავალიანებამ გამოიწვია.
საკრებულოს წევრის "ევროპული საქართველოდან" მერაბ მეშველიანის თქმით, მოქალაქეები რამდენიმე დღეა თვითმმართველობის ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ. გათიშულია ასევე მერიის სხვა ნომრებიც. მეშველიანი მომხდარს არასწორ მენეჯმენტს უკავშირებს.
ტელეფონების გათიშვის ფაქტს ადასტურებენ მერიაში, თუმცა უარყოფენ დავალიანების არსებობას. რაც შეეხება ცხელ ხაზს, ის ამ დროისთვის ფუნქციონირებს, თუმცა შეცვლილია ნომერი. მერიაში განმარტავენ, რომ ახალი ნომერი მათ ოფიციალურ ვებ-გვერზეა განთავსებული.
"ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას ინტერნეტ და სატელეფონო მომსახურებას კომპანია დატა კომი უწევს, რომელიც მერიის სატელეფონო კავშირს უახლოეს პერიოდში ip -სატელეფონო აპარატურით განახორციელებს. ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს რის გამოც სატელეფონო მომსახურება დროებით შეფერხებულია. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავალიანების გამოა გამორთული, არ შეესაბამება სიმართლეს. რაც შეეხება ცხელ ხაზს, ქუთაისის მერიის ცხელი ხაზი შეუფერხებლად მუშაობს და მოსახლეობას ჩვეულებრივ რეჟიმში უწყვეტად შეუძლია ინფორმაციის მიღება", -განაცხადეს მერიაში.