11-08-2021
შინდისის ბრძოლიდან 13 წელი გავიდა. 13 წლის წინ 17 შინდისელმა გმირმა უთანასწორო ბრძოლაში საქართველოს თანამედროვე ისტორიაში შთამბეჭდავი თავგანწირვისა და გმირობის ისტორია შექმნა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და სამხედრო მოსამსახურეები დღეს სოფელ შინდისში იმყოფებოდნენ. მათ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა შინდისის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების გმირობის ისტორია.
თავდაცვის მინისტრი დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს გაესაუბრა. სწორედ, ჯუანშერ ბურჭულაძისგან შეიტყო უმცროსი სერჟანტის ალექსანდრე ონიანის დამ, ელენე ონიანმა, რომ მის ძმას ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და პრეზიდენტის თანხმობით, შინდისის ბრძოლის ერთ-ერთ გმირს ალექსანდრე ონიანს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. „ჩვენ გვყავს გმირებში კიდევ უფრო გამორჩეული გმირები, ასეთი არის უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი, რომელსაც ეროვნული გმირის სტატუსი მიენიჭა“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
დღესვე, სასულიერო პირებმა გმირულად დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. თავდაცვის მინისტრმა მედიასთან შინდისის გმირების მემორიალის მშენებლობის საკითხზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, მემორიალს მოქანდაკე ირაკლი ჟვანია ახალი, გმირების ოჯახებთან შეთანხმებული კონცეფციით განახორციელებს. „ჩვენ უკვე გვაქვს ახალი პროექტი, კონცეფცია, ყველა ოჯახის წევრთან შევათანხმეთ აღნიშნული კონცეფცია და საერთო აზრი არის, რომ მოგვწონს ყველას ეს კონცეფცია. მომავალ წელს ჩვენ ვიხილავთ აქ აღმართულ მემორიალს“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა და ერთ-ერთი გამორჩეული და მძიმე ეპიზოდია აგვისტოს ომის ქრონიკაში. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.