11-08-2021
შინდისის ბრძოლიდან 13 წლის თავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, მოადგილე, ჯანდრი უბირია, სამსახურის თანამშრომლებთან და ვეტერანებთან ერთად, შინდისში იმყოფებოდნენ, სადაც შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და სამშობლოს ერთიანობისათვის მრავალრიცხოვან მტერთან უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.
2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისთან გამართული ბრძოლა, ქართველ სამხედროებსა და რუსეთის რეგულარული არმიის ჯარისკაცებს შორის, რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია.
საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული ნიქოზიდან გორისკენ გადაადგილდებოდა_შინდისში მატარებლის ლიანდაგს მიუყვებოდა. ქართველმა მებრძოლებმა, საწინააღმდეგო მხრიდან მომავალ ტანკზე ქართული დროშა შენიშნეს. უეცრად, რკინიგზასთან, გამაყრუებელი ხმა გაისმა, კოლონის პირველი და ბოლო მანქანა ცეცხლის ალში გაეხვია, მანქანებში მსხდომებმა გადმოსვლა ვერ მოასწრეს და 5 ქართველი მებრძოლი ადგილზევე დაიღუპა... ტანკები რუსული იყო, დროშა კი _სატყუარა. ადგილობრივი მოსახლეობა იხსენებს, როგორ გამოჩნდა შეტაკებამდე 2 საათით ადრე რუსული ტანკები ქართული დროშებით, როგორ ჩაუსაფრდნენ ჩვენს ჯარისკაცებს, რკინიგზიდან 200-250 მეტრში, ჩახერგეს გასასვლელები და ააფეთქეს ქართული საბრძოლო შენაერთის მანქანები.
სარკინიგზო სადგურთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული რუსულ მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება.
რუსული საბრძოლო შენაერთის მეთაური გაოგნდა ქართველების წინააღმდეგობით და გადაწყვიტა, რომ მათი ძალები საკმარისი არ იყო, ამიტომ რადიოკავშირის საშუალებით, დამხმარე ჯგუფი და მძიმე ტექნიკა გამოიძახა.
ბრძოლამ, დაახლოებით, ერთ საათამდე გასტანა. რუსები თითქმის ყველა სახის იარაღიდან ისროდნენ, მათ შორის, ტანკებიდან და რეაქტიული ცეცხლმტყორცნებიდანაც. ქართველი ჯარისკაცები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ, მაგრამ რიცხობრივმა უპირატესობამ მაინც თავისი გაიტანა და 17-მა ქართველმა მებრძოლმა, საქართველოს ისტორიას, საკუთარი სისხლითა და თავგანწირვით, გმირობის კიდევ ერთი ფურცელი შემატა! 17 ქართველი მებრძოლი_ ალექსანდრე ონიანი, რომან ზოიძე, ვეფხია ჯიშკარიანი, მიხეილ დვალიშვილი, ირაკლი ჯანელიძე, ილია შეყლაშვილი, მარლენ ბარამია, ემზარ წილოსანი, რუსლან წულაძე, შმაგი კუპატაძე, ფელიქს კაკაურიძე, ნიკოლოზ ფორჩხიძე, ლევან მელქაძე, ილია გაბუნია, თეიმურაზ ბერიძე, ზვიად კაცაძე, კახა კოშაძე 2008 წლის 11 აგვისტოს შინდისში კიდევ ერთხელ დაიბადნენ საქართველოსთვის_გმირებად!
სანამ მტერი მიაგნებდა, დაჭრილები ადგილობრივმა მცხოვრებმა, ახმეტა ხუციშვილმა, ტყეში გადამალა და პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა; დაღუპული ქართველი ჯარისკაცების დამწვარ-დასახიჩრებული სხეულები კი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, საქართველოს პატრიარქისა და სასულიერო პირების ჩარევის შემდეგ დაუბრუნდა ჭირისუფალთ.
„მოდით, ბიჭებო, მე გადაგარჩენთ_დაიძახა უმცროსმა სერჟანტმა, ალექსანდრე ონიანმა, თავისი ნათლული, რომან ზოიძე, რომელიც დაჭრილი, სისხლისგან იცლებოდა, გულში ჩაიკრა და ლოცვა დაიწყო; მას დანარჩენმა დაჭრილებმაც ავაყოლეთ ხმა.. ერთად ვამბობდით''მამაო ჩვენოს''... სწორედ ამ დროს მოგვადგნენ რუსები.. ალეკო ონიანს, რომელსაც ერთადერთი ყუმბარა ჰქონდა დარჩენილი, დაიყვირა_ტყვედ არ ჩაგბარდებითო, გახსნა და გულზე მიკრულ თავის ნათლულთან ერთად, თავი აიფეთქა...''_იხსენებს შინდისის ბრძოლიდან ცოცხლად გადარჩენილი კაპრალი, თენგიზ ცანავა.
2008 წლის 11 აგვისტოს შემდეგ, შინდისში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის ადგილი, გმირთა მემორიალად იქცა_ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გმირების დაღუპვის ადგილას ერთგვარი მუზეუმი მოაწყვეს, სადაც 17 გმირის პირადი ნივთები, ჩაფხუტები, იარაღი, ქართული სამხედრო ფორმის დამწვარი ნაწილები ინახება. გასულ წელს, შინდისის გმირების მემორიალს, უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
დღეს, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, უმცროს სერჟანტს, ალექსანდრე ონიანს, უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი მიენიჭა.