14-08-2021
ჩვენ ახლა გვჭირდება განვითარება, საქმე არის გასაკეთებელი ძალიან ბევრი, სოფლად, ქალაქში, ყველგან, განათლების, ეკონომიკის, ჯანდაცვის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების" ყვარლის მერობის კანდიდატის, გივი ზაუტაშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნებისმიერი სახის სერვისები, რომლებიც იქნება მიწოდებული სახელმწიფოს და მთავრობის მხრიდან, ზოგადად, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე, უნდა იყოს ხარისხიანი.
„ჩვენ უნდა გადავიდეთ ხარისხიან მომსახურებაზე, ხარისხიანი ჯანდაცვა, განათლება. ნებისმიერი სახის სერვისები, რომლებიც იქნება მიწოდებული სახელმწიფოს და მთავრობის მხრიდან, ზოგადად, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე, უნდა იყოს ხარისხიანი. ოპერატიულად უნდა გადავუწყვიტოთ ყველა პრობლემა და მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენს მოსახლეობაზე.
მერი და ზოგადად, ყველა მმართველი უნდა იყოს მსახური ჩვენი მოსახლეობის. ჩვენ ვართ დაქირავებული გარკვეული პერიოდით და უნდა დავიხარჯოთ ბოლომდე, თავდადებით, თავგანწირვით. ამის მაგალითი უნდა მივცეთ ჩვენს მოსახლეობას, სხვანაირად, უბრალოდ, საქმე წინ ვერ წავა და ვერ დავდებთ შედეგს, პროგრესს. მხოლოდ საქმე, საქმე და საქმე. შრომა იქნება ჩვენი მთავარი გამოსავალი.
ვიმყოფებით რა, ჩვენი მთავარი იდეოლოგის და ჩვენი ერის მამის, ილია ჭავჭავაძის მიწაზე, ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს პასუხისმგებლობას ჩვენი ამ უნიკალური ქვეყნის და უნიკალური ხალხის წინაშე. ამიტომ, ამ პასუხისმგებლობით, ამ სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა მშვიდად, მტკიცედ და სტაბილურად. უნდა შევიტანოთ განვითარება ყველა რეგიონში, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში.
მე ვიცი, რომ ყვარელში ბევრი რამ გაკეთდა, მანამდეც და ახლაც, მაგრამ კიდევ ბევრი უნდა გავაკეთოთ. მე მინდა როსტომ სესიაშვილს მისი გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადავუხადო, ასევე ყველა ადამიანს, ვინც მთელი გულით და სიყვარულით ემსახურება და ემსახურა ჩვენს ქვეყანას და ამ შემთხვევაში, ყვარლის მუნიციპალიტეტს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.