14-08-2021
„ჩვენ არ გვაქვს, ილუზია, რომ ყველაფერი არის კარგად. ჩვენ ვიცით თქვენი პრობლემები, თქვენ გჭირდებათ მეტი ინფრასტრუქტურა, წვდომა ირიგაციაზე, დრენაჟზე, ის, რაც სახელმწიფომ უნდა გაააკეთოს სასოფლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით. საჭიროა ცოდნაზე წვდომა, სერვისებზე წვდომა, რაც უნდა განვითარედეს" - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქართული ოცნების" ლაგოდეხის მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენაზე.
მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის ბუნება განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობებს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა 2014 წლიდან, ყველა მუნიციპალიტეტში უფასო საკონსულტაციო და საინფორმაციო მომსახურება მოქმედებს და სამინისტროს წარმომადგენლები რეგიონში აქტიურად მუშაობენ.
,,ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია სიტუაციური გადაწყვეტილების ნაწილში ადგილობრივ ხელისუფლებასთან, როგორც დეპუტატებთან, ისე მერთან. რა თქმა უნდა, პრობლემების გადაწყვეტას ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ. სახელმწიფოს აქვს ხედვა, როგორ მივიღოთ ის შედეგები, რაც ყველას გვინდა.
წელს მოსავლის რეალიზაციით არ ვიყავით კმაყოფილი ბაღჩეული კულტურების ნაწილში. სწორედ იმისთვის, რომ მთელი ჯაჭვი განვავითაროთ, საჭიოა ინტერვენციები ყველა რგოლში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადეკვატური კონსოლიდაციის ცენტრები გვქონდეს - შემგროვებლები, მყიდველები; თქვენ არ გიწევდეთ ბაზრის ძებნა და იყოს დამკვეთი, რომელიც წინასწარ პროგნოზირებადს გახდის ჩვენს საქმიანობას. ასეთი ტიპის შემკრები ცენტრები, სამაცივრე, შემნახველი მეურნეობები, არის გასაღები ჩვენი პრობლემების გადაწყვეტის. ეს პროგნოზირებადს და უფრო სტაბილურს გახდის სოფლის მეურნეობის საქმიანობას. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვაქვს საგრანტო დაფინანსება, რომელსაც გავაგრძელებთ მომავალი წლების განმავლობაშიც; იმისათვის, რომ მეტი სამაცივრე, შემნახველი, გადამმუშავებელი საწარმოები შეიქმნას თითოეულ მუნიციპალიტეტში. სულ აქვე არის თხილის საშრობი მეურნეობა, რომელიც შარშან გავხსენით და ეს რამდენიმე ასეული ფერმერის პროდუქციის მოსავლის სწორად აღების, დაბინავების ოპერაციებს უწყობს ხელს, რომ ხარისხიანი მოსავალი ხარისხიანად გავყიდოთ. ლაგოდეხს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, როგორც მეცხოველეობის, ისე ბაღჩეული კულტურების, ისე მრავალწლიანი მეხილეობის წარმოების. ჩვენ გვჭირდება მეტი ორგანიზება, მეტი თანადგომა, მეტი ერთიანობა და ერთმანეთთან კომუნიკაცია. ჩვენ მზად ვართ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში მოვისმინოთ თქვენი პრობლემები და მასზე გვქონდეს პირდაპირი, ადეკვატური რეაგირება, რომ შევქმნათ მეტი კეთილდღეობა და მოვუტანოთ სიკეთე ჩვენ ქვეყანას", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2030 წლამდე სამოქმედო გეგმა გულისხმობს სოფლის მეურნეობაში, სახელმწიფოს მხრიდან, 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას.
„ეს ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობაში, დამატებით, ჩვენ უნდა მოვიზიდოთ 20 მილიარდ ლარამდე. ჩვენ ავითვისებთ იმ რესურსებს, რომლებიც ჯერ კიდევ ასათვისებელია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიწა დამუშავებულია, ჩვენ შეგვიძლია გავზარდოთ როგორც დამუშავებულ მიწებზე პროდუქტიულობა, რაც გაზრდის შემოსავალს თითოეული ფერმერისთვის, ისე, ავითვისოთ დაუმუშავებელი მიწები სრულად და გავზარდოთ კეთილდღეობა", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.