14-08-2021
პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა „ქართული ოცნების" ახმეტის მერობის კანდიდატის ალექსი ფიცხელაურის წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"პატივია, ჩემთვის, წარვდგე თქვენს წინაშე, იმ მიწაზე, სადაც გმირი ქართველები დაიბადნენ. ახლა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ვიმყოფებით, ლეგენდარული ქართველის, თავდადებული გმირის. გიორგი ანწუხელიძე - ჩვენი უახლესი წარსული, დიდი გულისტკივილი გმირი, რომელმაც ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას გმირულად შესწირა სიცოცხლე. იდგა მტკიცედ, თავი არ დახარა მტრის წინაშე და დაგვიტოვა გმირობის მაგალითი ჩვენი შვილებისთვის. ეს არის მიწა, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა კულტურული და საგანმანათლებლო, ისტორიული ადგილებით. ბევრ ევროპულ, განვითარებულ ქვეყანას შეშურდებოდა ასეთი ისტორია.
რაც შეეხება განხორციელებულ პროექტებს, ახმეტაში ბევრი სოფლის მეურნეობის პროექტი და პროგრამა განხორციელდა, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასთვის. მოსახლეობა სარგებლობს ამ პროგრამებით და ჩვენ ვხედავთ, მათ შრომას, დამუშავებულ ვენახებს და ველებს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლება.
გვაქვს ამბიციური, გრძელვადიანი გეგმა. პრემიერის ინიციატივით შექმნილია რეგიონებისთვის განსაზღვრული შესაბამისი პროგრამები, რომლებიც აუცილებელია, რომ შესრულდეს ისე, როგორც დაგეგმილია. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ძლიერი მერი და ძლიერი საკრებულო - მოგიწოდებთ ყველას აქტიურობისკენ, მხარი დავუჭიროთ კანდიდატს, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ალტერნატივა არ ჰყავს ახმეტაში" - განაცხადა კუჭავამ.