16-08-2021
ბათუმის გენერალური გეგმის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა. ბათუმის განვითარებისა და ურბანული პოლიტიკის შესახებ გამართულ პრეზენტაციას და გენგეგმის ხელშეკრულების გაფორმებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრო. თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა ქალაქის სწორი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის არსებობის მნიშვნელობას.
,,დღეს ისტორიული და საეტაპო დღეა ბათუმის განვითარებისთვის. მისასალმებელია, რომ იწყება ბათუმის გენგეგმაზე მუშაობა. ეს იყო ჩვენი დაპირება ბათუმელებისა და ბათუმის გულშემატკივების მიმართ. ბათუმი აუცილებლად იქნება თანამედროვე, ევროპული ქალაქი, ჩვენს ტრადიციებსა და კულტურულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული.
ასევე, უკვე დასრულებულია ბულვარის განაშენიანების გეგმა. ჯამში, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენი ქალაქი, ყველა არსებული სარეკრეაციო სივრცე, ყველა ახალი ტურისტული მიმართულება განვითარდეს პირველ რიგში ბათუმელების მოლოდინების შესაბამისად და ისე, რომ დაცული იყოს თითოეული ბათუმელის, თითოეული სტუმრის ინტერესი.
ჩვენ ამ დოკუმენტით გავაგრძელებთ ბათუმის წარმატების ისტორიას და კიდევ უფრო მეტ დინამიკას შევძენთ მის განვითარებას '' - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
ბათუმის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში კომპანია ,,სითი ინსტიტუტი საქართველო"-მ გაიმარჯვა. ბათუმის მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება დღეს გააფორმა. გენერალურ გეგმაზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
ხელშეკრულების შესაბამისად, კონკურში გამარჯვებული კომპანია უზრუნველყოფს საპროექტო მომსახურებას, რომელიც გულისხმობს ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარების და განაშენიანების მართვის დაგეგმვასა და სათანადო შედეგების მიღწევას, შუალედური და საბოლოო დოკუმენტების სახით.