17-08-2021
პრემიერის მხარდაჭერით, ბათუმი იქნება პირველი ქალაქი აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც მწვანე კორიდორის პროექტს განახორციელებს და ეს იქნება გარემოზე დაფუძნებული გადაწყვეტილება - განაცხადა „ქართული ოცნების ბათუმის მერობის კანდიდატმა არჩილ ჩიქოვანმა წარდგენაზე.
როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, ყველა ბათუმელი უნდა გრძნობდეს, რომ ის არის იმ დიდი ქალაქის, იმ დიდი ინდუსტრიის შვილი, სადაც თანაბრად ვითარდება როგორც ტურისტული სექტორი, ასევე ინფრასტრუქტურა.
„ძალიან დიდი გამოწვევა და დიდი პასუხისმგებლობაა იყო იმ ქალაქის მერობის კანდიდატი, რომელმაც მოგცა ყველაფერი, რაც ცხოვრებაში გაგაჩნია, მათ შორის სამსახურეობრივი კარიერა, სადაც აიდგი ფეხი და სადაც გაკავშირებს ყოველი დღე, ყოველი წამი იმ ხალხთან და ადამიანებთან, რომლებთანაც გატარებული და განვლილი გაქვს ძალიან დიდი გზა. ამისთვის მე მინდა მადლობა ვუთხრა „ქართული ოცნების" ძალიან გამოცდილ, ძალიან ღირსეულ და მრავალ გამარჯვება ნანახ გუნდს იმისთვის, რომ მე ეს პატივი მხვდა წილად.
მრავალწლიანი, საჯარო სამსახურში მუშაობის 17 წლიანი გამოცდილება და ჩემს ქალაქთან დამოკიდებულება, განსაკუთრებით ბოლო 1 წლის განმავლობაში, მერიის საჯარო მოხელეთა ძალიან ძლიერ გუნდთან, მიღწეული შედეგები და ჩვენს თანამოქალაქეებთან ყოველდღიური ურთიერთობა და ყოველდღიური შედეგები, ის, რამაც განაპირობა, რომ ჩვენ დღეს გვაქვს უპრეცედენტო ბიუჯეტი და განვახორციელეთ ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი, საფუძველი აქვს ჩაყრილი ძალიან დიდ პროექტებს, როგორც სოციალური, ისე სხვადასხვა მიმართულებით.
დავიწყეთ ახალი ბაღების მშენებლობა, სოციალური სახლების მშენებლობა, ინფრასტრუქტურული კუთხით უპრეცედენტოდ დიდი თანხა იხარჯება და ეს იმ ფონზე, როდესაც 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენი გუნდის მიერ არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელებულა. განხორციელებულა არა ფასადურად, არამედ რეალურად, რამაც განვითარება მოუტანა ჩვენს რეგიონს. ჩვენთან დაიწყო „ოცნების ქალაქის" მშენებლობა. ჩვენ დავიწყეთ განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა.
ბატონი პრემიერის მხარდაჭერით, ბათუმი იქნება პირველი ქალაქი აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც მწვანე კორიდორის პროექტს განახორციელებს და ეს იქნება გარემოზე დაფუძნებული გადაწყვეტილება.
ბუნებრივია, გარდა ამ წარმატებებისა, ძალიან ბევრი გამოწვევა, ჩვენთვის, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის კვლავ რჩება სოციალური კუთხით. 14-ვე ადმინისტრაციულ ერთეულს განვითარების თანაბარი საშუალება უნდა მიეცეს. ყველა ბათუმელი უნდა გრძნობდეს, რომ ის არის იმ დიდი ქალაქის, იმ დიდი ინდუსტრიის შვილი, სადაც თანაბრად ვითარდება როგორც ტურისტული სექტორი, ასევე ინფრასტრუქტურა. ჩვენ შევძლებთ, რომ წყალარინების თანამედროვე სისტემებით, უსაფრთხო გარემოთი, რეკრეაციული სივრცეებით, მოედნების მშენებლობით და ძალიან ბევრ გამოწვევაზე საპასუხოდ, ბათუმი ვაქციოთ თანამედროვე, ევროპულ და განვითარებულ ქალაქად.
მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, რომელიც მხარში მედგა ნებისმიერ დროს, ომსა თუ მშვიდობაში, ნებისმიერ ჩემს გადაწყვეტილებაში. მინდა მადლობა გადავუხადო განსაკუთრებულ მეგობრებს, რომლებიც მრავლად არიან წარმოდგენილი აქაც და მთელი ქვეყნის მასშტაბით. მინდა მადლობა გადავუხადო განსაკუთრებულ პედაგოგებს, რომლებმაც დღევანდელი დღე შექმნეს ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის. მინდა მივმართო ჩემს ძვირფას თანამოქალაქეებს, ჩემს ძვირფას ბათუმელებს, მე ვარ არჩილ ჩიქოვანი და მზად ვარ ვიყო თქვენი ხმა უკეთესი ბათუმისთვის, უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ" - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.
მერობის კანდიდატმა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პროპორციული სიის წევრები დაასახელა.
„მსურს წარმოგიდგინოთ ძალიან მაგარი გუნდი, რომელიც დარწმუნებული ვარ ბათუმის საკრებულოში მოიპოვებს უმრავლესობას. შვიდ სამაჟორიტარო ოლქში ჩვენი წარმომადგენლები იქნებიან: მამული ლომაძე, გოჩა მგელაძე, ოთარ დიასამიძე, მამუკა კაკაბაძე, გიორგი ლომთათიძე, მინდია გოგუაძე, ლევან დოლიძე
ჩვენი პროპორციული სიის მომავალი დეპუტატები: ასლან ბალაძე, როსტომ ხალვაში, ნერიმან ცინცაძე, ზურაბ ნაკაიძე, რიჩარდ სირაბიძე, ნატალია ზოიძე, ლევან ცხოიძე, დავით მახარაძე, ნინო ცხვარაძე, ლევაბ ბერიძე, თენგიზ აფხაზავა, თეონა ბერიძე, გელა ღოღობერიძე, მინდია დავითაძე, ნატალია მგელაძე, ელგუჯა ანდრიაძე" - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.