13-04-2018
ვალეში, ადგილობრივების ხეხილის ბაღებში, ორი კვირის წინ, მდინარეზე ნაპირსამაგრის მშენებლობისას, კომანია „ბესტის“ გაჭრილი გზა, ამ დრომდე აღდგენილი არ არის. ამის შესახებ ,,სამხრეთის კარიბჭე" წერს.
ვალეში, კომპანიის მძიმე ტექნიკა, ხეხილის ბაღებში აღარ დადის. „ბესტის“ მანქანები, ბაღებიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით, ალტერნატიული გზით გადაადგილდებიან. თუმცა, კომპანიის დაპირება, რომ ბაღებში გაჭრილ გზას აღადგენდა, ამ დრომდე შეუსრულებელია.
ვალეში, სადაც ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს, კომპანიის არცერთი თანამშრომელი არ იმყოფება. ისინი არც ჩვენ სატელეფონო ზარებს პასუხობენ. ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ კომპანია სამუშაოების დასრულებამდე გზას აუცილებლად აღადგენს.
„ჯერ კიდევ ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს და ვიდრე კომპანია წავა, გზას გააკეთებს“, – ამბობს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე.
ნაპირსამაგრი სამუშაოები კომპანია „ბესტმა“, სავარაუდოდ, აპრილის ბოლომდე უნდა დაასრულოს. მას ახალციხის მერიის ტენდერი 227 076 ლარად აქვს მოგებული. „ბესტი“ გასული წლის ნოემბრიდან, მდინარის ნაპირზე ბაღებისა და ნათესების დატბორვისგან დასაცავად, გამაგრებით სამუშაოებს ასრულებს.
შეგახსენებთ, რომ ვალეში მცხოვრებლებმა 26 მარტის დილას აღმოაჩინეს, რომ მათ ბაღში გზა გაუჭრიათ და ვაშლისა და ჭანჭურის ხეები დაუმტვრევიათ. მოსახლეობამ ეს იმავე დღეს გააპროტესტა.