„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ძეგლს შეიძლება განესაზღვროს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია, თუ მას აქვს გამორჩეული მხატვრული ან ესთეტიკური ღირებულება ან თუ იგი დაკავშირებულია უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენასთან, პიროვნებასთან, ერის განვითარების ეტაპთან და გამორჩეულ ზოგად ეროვნულ ღირებულებებთან.
ალექსანდრე ყაზბეგის მამისეული ორსართულიანი სახლი, სადაც ამჟამად სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმიც არის განთავსებული, 1809–1814 წლებშია აშენებული. იქვეა კარის ეკლესია და მწერლის საფლავიც.
სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი 1934 წელს დაარსდა. მუზეუმში განთავსებულია ალექსანდრე ყაზბეგის კუთვნილი ნივთები, ავეჯი, რეგიონის ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური მასალა და ბეთლემის გამოქვაბულიდან ჩამოტანილი კარი, ჯაჭვი, შანდლები, ლურსმნები და საეკლესიო სიწმინდეების შესანახი ხის ყუთები.
მუზეუმის რეაბილიტაცია ერთი წლის წინ დაიწყო და სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მუზეუმის განახლებას მსოფლიო ბანკი 1 მლნ 549 ათასი ლარით აფინანსებს.