13-04-2018
რამდენიმე საათის წინ, სამართალდამცველებმა საშუალო ასაკის მამაკაცი ოზურგეთის ერთ-ერთ სუპერმარკეტში ატეხილი ჩხუბის გამო დააკავა.
"გურიის მოამბისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო და მაღაზიის გამყიდველს ჯერ ალკოჰოლური სასმელი და სიგარეტი მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი, ჩხუბი დაუწყო: "ძალიან აგრესიულად იქცეოდა, ჩხუბობდა, უწმაწურ სიტყვებს იძახდა. მერე დაიწყო მაღაზიაში რაღაცეების მტვრევა, სულ სისხლიანი იყო, არ ვიცი ამ მტვრევის დროს იტკინა რამე თუ იქ ვინმემ ხელი დაარტყა, პოლიცია გამოიძახეს ადგილზე, იმათაც წინააღმდეგობას უწევდა. მერე სასწრაფო გამოიძახეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს"--გვითხრა თვითმხილველმა.
"'მედალფას" კლინიკაში ნასვამი მამაკაცი სასწრაფოს ბრიგადამ პოლიციელების თანხლებით მოიყვანა. ძალიან აგრესიული იყო. ყვიროდა. პირველადი დახმარება ჩაუტარდა და შემდეგ პოლიციის პიკაპით წაიყვანეს. სავარაუდოდ პოლიციაში გადაიყვანდნენ"-გვითხრეს კლინიკაში.
როგორც შსს პრესსამსახურში გვითხრეს, მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.