გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ცესკოს საპასუხო განცხადებაში დეტალურადაა განმარტებული, რა უზუსტობები დაუშვა „სამართლიანმა არჩევნებმა“-ზაალ ანჯაფარიძე

23-08-2021

მიგაჩნიათ თუ არა, რომ საარჩევნო კამპანიაში მხოლოდ პოლიტიკური მოთამაშეები არ მონაწილეობენ და სხვა ასე ვთქვათ დაინტერესებული მხარეებიც არიან ჩართულნი?


დიახ, რა თქმა უნდა, მათი მონაწილეობა, თუ შეიძლება ასე ითქვას, გამოიხატება არჩევნებზე დაკვირვებაში და საარჩევნო რეფორმის შედეგად შექმნილი საკონსულტაციო ჯგუფის ფარგლებში, ცესკოსთვის რეკომენდაციების შემუშავებაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე. არჩევნებში, თავისებურად, მონაწილეობს მედიაც, რომელიც საარჩევნო პროცესს აშუქებს. რამდენად კეთილსინდისიერად და პროფესიულად, ეს ცალკე საკითხია. პოლიტიკური პოლარიზაციის ექსტრაპოლირება მედიაზეც ხდება და არასამთავრობო სექტორზეც, სამწუხაროდ, და ისინიც ხშირად საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უდგებიან საარჩევნო პროცესს. ეს სულ უფრო თვალშისაცემი ხდება.


როგორ შეაფასებდით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის მორიგ განცხადებას „სამართლიანი არჩევნების“ კრიტიკის პასუხად? აქამდე ცესკო, როგორც წესი, თავს იკავებდა არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკისგან.


დიახ. სამწუხაროდ ასე იყო, რადგანაც ჩვენთან, უკვე წლებია, რბილად რომ ვთქვა, უცნაური ტენდენცია ჩამოყალიბდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გაკრიტიკება არ შეიძლება, თუნდაც ეს ჯანსაღი კრიტიკა იყოს. რატომღაც, ამას სამოქალაქო სექტორზე თავდასხმად ნათლავენ. არადა, ყველას, და უპირველეს ყოვლისა, სწორედ სამოქალაქო სექტორს უნდა გააჩნდეს კრიტიკის მიმღებლობა. თავად, ხომ შეუძლიათ უმოწყალოდ აკრიტიკონ ყველა და რა რატომ უნდა ჰქონდეთ სხვებს წართმეული კრიტიკაზე კრიტიკული პასუხის უფლება?! მე ვფიქრობ, ეს არასწორი მიდგომაა და კარგია რომ ცესკოს ახალმა ხელმძღვანელობამ ამ კუთხით, რომ იტყვიან ყინული დაძრა.


თუ „სამართლიანი არჩევნები“ იმას ცდილობს, დონორებს აჩვენოს რომ ტყუილად არ იღებს მათ ფულს და რაღაცას აკეთებს და სამიზნედ ცესკო ამოირჩია, ეს არ არის კარგი. თუ მიზანმიმართულად ეწევა ცესკოს დისკრედიტაციას, რომ მერე მის ანგარიშებზე დაყრდნობით პოლიტიკურმა ოპოზიციამ და საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნების ლეგიტიმურობა დააყენონ ეჭვის ქვეშ, ეს კიდევ უფრო უარესი. ცესკოს საპასუხო განცხადება იმიტომ არის ასე ვრცელი, რომ იქ დეტალურად არის განმარტებული, თუ რა უზუსტობები დაუშვა „სამართლიანმა არჩევნებმა“. განმარტებულია, რომ ასეთი ქმედებები ამ ორგანიზაციის მხრიდან იძლევა საკითხით მანიპულირების საშუალებას დაინტერესებული მხარეების მიერ, რაზედაც ზემოთ ვსაუბრობდი. დეტალებში აღარ ჩავალ. და კიდევ, „სამართლიანი არჩევნების“ გარდა, საუბნო კომისიების შერჩევის პროცესს სხვა დამკვირვებელი ორგანიზაციებიც ესწრებოდნენ და რაღა მაინცადამაინც

„სამართლიანი არცევნების“ შეფასება უნდა მივიჩნიოთ ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციად?


შექმნილ სიტუაციაში რა უნდა გაკეთდეს, მათ შორის, ცესკოს მხრიდან, იმისათვის რომ დაპირისპირება და სხვადასხვა საკითხებზე კინკლაობა თავიდან ავიცილოთ, რათა ამან ამომრჩეველში ნიჰილიზმი და უნდობლობა არ დათესოს?


არჩევნებამდე დარჩენილ დროში, რა თქმა უნდა, რთულია ამომრჩეველი საარჩევნო პროცედურების ყველა დეტალში გაარკვიო. სხვათა შორის, ეს პარტიებსაც ეხება. მათაც არ იციან ბევრი რამ. მაგალითად, ის რომ საჩივარი დარღვევებზე უნდა წარადგინოს მხოლოდ უფლებამოსილმა პირმა. წინა არჩევნებზე ბევრი იყო შემთხვევა, როდესაც საჩივარს არაუფლებამოსილი პირები წერდნენ, შეიძლება წინასწარ განზრახულადაც, რომ მერე ხმაური აეტეხათ, ცესკომ არ განიხილაო. მოგეხსენებათ, პარტიებმა აქტიურად დაიწყეს პოლიტიკური რეკლამების განთავსება. ამ დროს არსებობს შემთხვევები, როდესაც მაგალითად, პოლიტიკური რეკლამის დამკვეთს შეცდომით მიაჩნია ამ საკითხის მარეგულირებლად ცენტრალური საარჩევნო კომისია. ამიტომაც, როგორც არაერთხელ აღმინიშნავს, საჭიროა საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება და გამჭვირვალობა.