23-08-2021
13 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევა განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ, რომლის დროსაც ასობით სამოქალაქო და სამხედრო პირი დაიღუპა, ათობით ქართული სოფელი ცეცხლში დაიფერფლა და განადგურდა, რითაც ეთნიკური წმენდის კიდევ ერთი ტალღა აგორდა და ასობით ათასი ეთნიკურად ქართველი სახლებიდან განიდევნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყირიმის პლატფორმის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელშიც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, შედეგად, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონი, რამაც შეარყია მთელი ევროპული უსაფრთხოება და კანონებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი.
„მოგვიანებით, 2014 წელს უკრაინამაც იგივე ბედი გაიზიარა. ჩვენ გავხდით რუსეთის მიზანმიმართული პოლიტიკის მომსწრენი, რომელიც სამშვიდობო პროცესების შერყევისკენ, ადგილზე უსაფრთხოების დესტაბილიზაციისკენ, კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ტვირთის დამძიმებისკენ არის მიმართული და ეს ყველაფერი საერთაშორისო ვალდებულებების - რაც მთავარია ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნიველირებით - ხდება. მოუგვარებელი კონფლიქტები ბნელ სურათს უქმნის რეგიონის ქვეყნებს, ხოლო მთელ ევროპულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას ძირს უთხრის. ჩვენს პარტნიორებთან ერთობლივი ძალისხმევის განხორციელებისას, უფრო ძლიერი პოზიცია უნდა გვეჭიროს უკანონო ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის მიმართ. რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარების გარეშე, დასავლეთს აუცილებლად მოუწევს დესტაბილიზაციის მზარდ წყაროებთან პირისპირ შეხება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.