25-08-2021
„აქ წინა ხელისუფლება მარცხდებოდა მაშინაც, როცა მთელ საქართველოში დიქტატურა ჰქონდათ, როცა მთელ საქართველოში ახერხებდნენ გაეყალბებინათ არჩევნები და ბოლოს რომ ვერაფერი მოახერხეს, კოდორის ხეობა, რომელსაც ზემო აფხაზეთი დაარქვეს, შემოუერთეს მესტიის საარჩევნო ოლქს და იქ მყოფი 3000 ჯარისკაცი, ისე, რომ ხმას კი არ აძლევდნენ, უბრალოდ 3000 ჯარისკაცს აფორმებდნენ, თითქოს ხმა მისცეს „ნაციონალურ მოძრაობას" და ამით აღწევდნენ გამარჯვებას. აქ ყოველთვის არ ცდებოდნენ იმიტომ, რომ ხალხმა არ აპატია იმ ღირსების შელახვა, რომლითაც ისინი ეპყრობოდნენ - განაცხადა ურავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა „ქართული ოცნების" მესტიის მერობის კანდიდატის კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენაზე.
სოზარ სუბარი დაეთანხმა პრემიერს, რომ „ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს და სვანეთი ამაში წელსაც იქნება მოწინავეთა რიგებში იქნება.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში, არამხოლოდ სვანეთში არამედ მთელს საქართველოში და ადამიანები, რომლებმაც სამშობლოს, არაერთხელ უღალატეს და გაყიდეს ჩვენი ქვეყანა, ვერ გაიმარჯვებენ და ვერასდროს ვერ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. საქართველო წავა იმ მტკიცე გზით, რასაც ჰქვია მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების გზა" - განაცხადა სოზარ სუბარმა.
სუბარმა მიმდინარე პროექტეჰესების მშენებლობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ თუ გვინდა ქვეყანა განვითარდეს, უნდა გვქონდეს ძლიერი ეკონომიკა და ეკონომიკა ვერ გვექნება ძლიერი, თუ არ იქნება ძლიერი ენერგეტიკა.
„სვანეთში გადატყდა ის სიტუაცია, რაც იყო - დამოკიდებულება ჰესების მიმართ, აქ აშენდა ძალიან ბევრი ჰესი. ზუსტად ამ ჰესებიდან არის ის 9 მილიონი ლარი ადგილობრივი შემოსავალი. შენდება კიდევ არაერთი ჰესი, ძირითადად საშუალო და მცირე ჰესები, 10 მეგავატიანი, 8 მეგავატიანი, 50 მეგავატიანი. ეს უზარმაზარი წვლილია ჩვენს ეკონომიკაში და ენერგეტიკაში. მინდა მთელი საქართველოს გასაგონად აქედან ვთქვა, თუ გვინდა ჩვენი ქვეყანა განვითარდეს, უნდა გვქონდეს ძლიერი ეკონომიკა და ეკონომიკა ვერ გვექნება ძლიერი, თუ არ იქნება ძლიერი ენერგეტიკა. მდიდარია ის ქვეყანა, რომელსაც ამის პოტენციალი აქვს. საქართველოს, სვანეთს აქვს ამის პოტენციალი და ეს უნდა განვითარდეს.
ერთი რამ უნდა ვთქვა ჩემს სოფელზე, ჭუბერი არის ადმინისტრაციული საზღვარი, კოდორის ხეობას ესაზღვრება, ეს არის სოფელი, რომელმაც რამდენიმე ათეული ათასი დევნილი მიიღო 1993 წელს და ბევრი მათგანი დღემდე ცხოვრობს იქ. ეს არის სოფელი, რომელიც გამორჩეულია თუნდაც თავისი პოტენციალით, ორი 8 მეგავატიანი ჰესია იქ აშენებული, რამდენიმე ასეთივე, დაახლოებით 10 მეგავატის ფარგლებში ჰესის პროექტი არსებობს და სადაც შენდება ნენსკრა ჰესი, ეს ჰესი ახლა დროებით შეჩერებულია, მაგრამ ეს არის ჰესი, რომელიც სჭირდება საქართველოს, სვანეთს, ჩვენს განვითარებას. მას ჰყავს მოწინააღმდეგეები, მათ შორის ჩემი უახლოესი ადამიანები, ჩემი ბიძაშვილები მათ გასაგონადაც უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და მე იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება. ის არ არის გაჩერებული ხალხის გამო, აქ სხვა პრობლემებია და იმედია ეს პრობლემები დაიძლევა. რატომ დავიწყე ამაზე ლაპარაკი, ჯერ კიდევ, 2012 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, როდესაც იყო სვანეთში, ვიყავით ჭუბერში მათ შორის და ხალხს შევპირდით, რომ ჭუბერს ექნებოდა გზა, ეს არის 8 კმ გზა, საიდანაც 4.50 კმ არის რაიონული მნიშვნელობის, მუნიციპალური მნიშვნელობის, ხოლო 3.50 კმ არის სახელმწიფო მნიშვნელობის იმიტომ, რომ ეს არის გზა, რომელიც დანარჩენს საქართველოს აერთიანებს კოდორის ხეობასთან. პირობა შესრულდა იმ ნაწილში, რომელიც რაიონს ეკუთვნის, 4.50 კმ არის აშენებული და 3.50 კმ არის ასაშენებელი. ეს 3.50 კმ უნდა დამთავრდეს აუცილებლად და ესეც იქნება სვანეთის და არა მხოლოდ ჭუბერის თხოვნა" - განაცხადა სოზარ სუბარმა.