25-08-2021
ბოლო წლებში ბევრი რამ გაკეთდა მესტიის მუნიციპალიტეტში, ბევრი პროექტი დაფინანსდა, ჩვენ ვისაუბრეთ და ჩვენს უხუცესებს დავპირდი, რომ წელსვე დაიწყება ჰაწვალის ახალი საბაგიროს მშენებლობა, ვიცი, რომ პრობლემები იყო მანამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მესტიაში, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რეაბილიტირდება თეთნულდის საბაგიროც.
„ჰაწვალზე 10 წელი იმუშავა საბაგირომ, რომელიც მანამდე იყო დამონტაჟებული და როგორც ჩანს, უვარგისი ან ნახმარიც იყო ჩამოტანილი. ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, გავაკეთებთ ახალ, ძალიან გამართულ საბაგიროს. თეთნულდზეც გარკვეული პრობლემებია, იქაც ჩავუტარებთ რეაბილიტაციას. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ ლაღამის უბნის რეაბილიტაციას იწყებს მთავრობა. ეს არის 33-მილიონიანი პროექტი, რომელიც ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრს გააჩენს ამ ულამაზეს მხარეში. ასევე, ჩემი დავალებით ვმუშაობთ, რომ მესტიაში ახალი ცენტრალური პროექტი მოეწყოს, 5-6 მილიონი დაიხარჯება ამ პროექტის განსახორციელებლად, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს გზების მშენებლობა. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც არის უშგულის გზა, 2022 წელს დავასრულებთ და მთლიანად ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზა, რომელიც ჯდება 100 მილიონი ლარი, დასრულდება მაქსიმუმ 2 წელიწადში. ასე, რომ ჩვენ განვითარება უნდა შევიტანოთ ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. ჩვენ არ შევაფერხებინებთ და არ შევაჩერებინებთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას. მთავრობას აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, იგივე სოფლის მეურნეობის მიმართულებით ვგეგმავთ 7 მილიარდი ლარის ინვესტირებას, ადგილობრივი წარმოების განსავითარებლად ვგეგმავთ 2,5 მილიარდის ინვესტირებას, მარტო მესტიაში ბოლო პერიოდში 14 ახალი სასტუმრო დაფინანსდა, თანადაფინანსება განახორციელა ეკონომიკის სამინიტრომ. ძალიან ბევრი ახალი, მათ შორის მცირე და მიკროსაწარმო დაფინანსდა, 330-ზე მეტი პროექტი. ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება და კიდევ უფრო გაათმაგებული ტემპებით განვითარება. განვითარება, შრომა და მუშაობა უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი. დანარჩენს ჩვენი გუნდი მიხედავს. ჩვენ არავის მივცემთ დესტაბილიზაციის და პროვოკაციის მოწყობის საშუალებას. ქვეყანას და ჩვენს ხალხს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება და რაც სჭირდება ჩვენს ხალხს, ის ექნება", - განაცხადა პრემიერმა.