გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ოკუპაცია დროებითია, ვიდრე ქართველი ამ მიწაზე იცხოვრებს, ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას

26-08-2021

ჩვენი პარტია და ჩვენი ხელისუფლება ერთგულად ემსახურება ჩვენს მოსახლეობას ბოლო 8 წლის განმავლობაში; რა თქმა უნდა, ბევრი გამოწვევა იყო, შეცდომებიც იყო, მაგრამ ჩვენ ვასწორებთ შეცდომებს და ქვეყანა მიგვყავს წინ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, თორნიკე ჯანაშიას წარდგენისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ერთადერთი უიშვიათესი გამონაკლისია „ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდი, როდესაც ქვეყანას არ ჰქონია ომი.


„ეს მართლაც ალბათ არ უნდა იყოს საამაყო, მაგრამ ხაზგასასმელია, რადგან ჩვენ კარგად ვიცით უახლესი ისტორია. ჯერ კიდევ ახალგაზრდა დემოკრატია ვართ, ჩვენ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა, მუდმივად ომებში და შიდა თუ გარე მტერთან ბრძოლებში ვიყავით ჩართული და გვერდზე იყო მოტოვებული ქვეყნის განვითარება და ჩვენი მოსახლეობის რეალური პრობლემები. ეს ნოსტალგიად გადათარგმნეს, თითქოს მე საბჭოთა კავშირის ნოსტალგია მქონდეს, ან რამე მსგავსი, მაგრამ, როდესაც მე 90-იანი წლების დასაწყისი და იმდროინდელი საქართველო გავიხსენე, ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორ გამართულად მუშაობდა ყველა რეგიონი, ყველა მუნიციპალიტეტი და ყველგან აშენებული იყო საწარმოები, ქარხნები, ფაბრიკები და მოსახლეობა იყო დასაქმებული. მე სისტემას კი არ მივტირი და სისტემის უპირატესობაზე კი არ ვსაუბრობ. ეს იყო ძალიან ბნელი წარსული და ყველამ ერთად, ქართველებმა, აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ ის, რაც შემდეგ განვითარდა, როგორ უგუნურადაც იმართა ქვეყანა, ამაზე მაქვს საუბარი. უგუნური და მავნებელი პოლიტიკოსების დამსახურებაა ის, რომ უმძიმესი მემკვიდრეობა გვერგო. შედეგად დაინგრა ქარხნები, საწარმოები, ფაბრიკები და რეალურად მოისპო მთელი ეს ინფრასტრუქტურა, რომელიც შექმნილი იყო მანამდე. შეიძლებოდა ამის შენარჩუნება? რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, ჩვენ რომ იმ დროს გონიერი მმართველები გვყოლოდა და უფრო პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები ყოფილიყვნენ საქართველოში. 1 და 2 კაცი სამწუხაროდ იმ დროს, იმ მონაკვეთში ვერ გადატეხდა სიტუაციას, ძალიან ბნელი ვითარება იყო ქვეყანაში და სწორედ ამ უპასუხისმგებლობამ განაპირობა ის, რაც მივიღეთ. ეს ჩვენი წარსულია, თუმცა არც თუ ისე შორეული წარსული. შემდგომ უკვე 21-ე საუკუნეში გადმოვაბიჯეთ და მივიღეთ მეორე კატასტროფა - 2008 წლის ომი, რომელმაც კიდევ ერთხელ დააკანონა ოკუპაცია და დე-ფაქტო არსებული სიტუაცია უკვე დე-იურე გახადა, კერძოდ, ოკუპანტმა რუსეთმა აღიარა ჩვენი სეპარატისტული რეგიონების ე.წ დამოუკიდებლობა. რა თქმა უნდა, ოკუპაცია დროებითია, ჩვენ ეს კარგად გვესმის. ვიდრე ქართველი ამ მიწაზე იცხოვრებს, ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას და აუცილებლად გავაერთიანებთ ჩვენს ქვეყანას. სხვანაირად პერსპექტივა არ აქვს ჩვენს საქართველოს. პერსპექტივა არ აქვს არც აფხაზეთსა და ოსეთს, ეს მათაც კარგად იციან. ნახეთ, რა ხდება, განსაკუთრებით აფხაზეთში, ოსეთში, დეპრესიაში ცხოვრობენ და არავითარი განვითარება არ აქვთ. ამიტომ, ეს ათმაგად მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ჩვენ, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ძალიან ბევრი წარმატების მაგალითი. ჩვენ უნდა გავხდეთ ძალიან წარმატებული ძლიერი სახელმწიფო, გამართული სოფლის მეურნეობით, ეკონომიკით, ტურიზმით, ადგილობრივი წარმოებით, კულტურით, სპორტით, განათლებით, ჯანდაცვის ხარისხით, იმისთვის, რომ უალტერნატივო გახდეს როგორც აფხაზებისთვის, ასევე ოსებისთვის ჩვენთან ერთად თანაცხოვრება, ერთიანი, ძლიერი საქართველოს ფარგლებში. ეს უნდა იყოს ჩვენი დიდი მიზანი და ამოცანა. ამ მიზნის გარშემო შეიძლება, რომ გაერთიანდეს ჩვენი ერი და ჩვენი ხალხი. ამ მიზანს მივაღწევთ მხოლოდ და მხოლოდ შრომით, 24-საათიანი მუშაობით.", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.