22-11-2017
მართლმადიდებლური სამყარო ხვალ გიორგობის დღესასწაულს ზეიმობს.
ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს : 23 აპრილს (6 მაისს) – წმიდანის აღსრულების დღეს და 10 (23) ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს.
“წმიდა მთავარმოწამე გიორგი მოღვაწეობდა იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს, მესამე საუკუნის ბოლოს და მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში.
წმიდა გიორგის ეპოქა შეეჯახება ორ დიდ სარწმუნოებას, კერძოდ, კერპთაყვანისცემლობას და მართლმადიდებლობას, რა დროსაც მოწამეს უხდება აღიაროს საჯაროდ ქრისტე, რომლის გამოც არაერთ განსაცდელს შეამთხვევენ მას.
დიდმოწამე გიორგი რომის არმიაში წარჩინებული მხედართმთავარია, დიდი ავტორიტეტის და გავლენის მქონე. დიოკლიტიანე მას დამატებით სამეფოს ნახევარს სთავაზობს, ოღონდ გიორგიმ დათმოს მისი სარწმუნოება – ქრისტე.
რისთვისაც მოწამე, გიორგი პასუხობს: “ჩვემთვის ცხოვრებაა ქრისტე და სიკვდილი შესაძინელ”. ანუ მოწამემ უშიშრად აღიარა ჭეშმარიტება და თქვა, რომ ქრისტიანობა მისი ცხოვრების წესია, რომ უნდა განაშოროს იგი ქრისტეს სარწმუნოებას, როგორც ამას პავლე მოციქული ამბობს: “რამ განმაშოროს ქრისტეს ჭირმან, ანუ იწროებამან, შიშმან ანუ დევნულებამან,”და ახოვანმა მოღვაწემ თავი მიუშვირა ჯალათის მახვილს.
არაერთი წამების მოწმე გახდა წმიდანი, ხან ურმის თვალზე დააკრეს, ხან გავარვარებულ კირის ღუმელში მოათავსეს, ხან რკინის ჩექმები ჩააცვეს, რომელშიც წვერწამახვილებული ლურსმნები იყო დამაგრებული, რათა დაჩხვლეტოდა ფეხები და ისე არბენინეს. მაგრამ ყოველი წამების დროს წმინდანს თავად ქრისტე აძლიერებდა და სასწაულებრივად განკურნავდა.
დიოკლეტიანეს უმთავრესმა ქურუმმა გრძნეულმა ხერხს მიმართა და მეფე დიოკლეტიანეს სთხოვა ებრძანებინა წმინდანისათვის მკვდრის გაცოცხლება, წმიდანმა კი ქრისტესადმი ლოცვით აღადგინა მკვდარი.
წმიდა გიორგის წმინდა ნაწილები სხვადასხვა ქალაქში არის შემონახული, მაგრამ მუხლის ნაწილი წლების განმავლობაში ინახებოდა სიონის საპატრიარქო ტაძარში, ხოლო როდესაც წმინდა სამების საკათედრო ტაძარი იკურთხა, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის ლოცვა-კურთხევით მუხლის ნაწილი სამებაში იქნა დაბრძანებული.
წმიდა გიორგის მთელი მსოფლიო სცემს თაყვანს მაგრამ წლის განმავლობაში 23 ნოემბერს და 6 მაისს (თარიღები ნაჩვენებია ახალი სტილით) მხოლოდ საქართველოს მართლამდიდებლური ეკლესია აღნიშნავს.